ამირან გამყრელიძე - ყველა იმ პირობას თუ დავიცავთ, რასაც ხშირად ვქადაგებთ, დიდი ალბათობით, ნახტომისებური ზრდა ამ ორ კვირაში არ უნდა იყოს
ყველა იმ პირობას თუ დავიცავთ, რასაც ხშირად ვქადაგებთ, დიდი ალბათობით, ნახტომისებური ზრდა ამ ორ კვირაში არ უნდა იყოს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
ამასთან, გამყრელიძის თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დღეში კორონავირუსის 60 შემთხვევა დადასტურდა, ეს ჯანდაცვის სისტემისთვის მართვადი იქნება.
„დიდი იმედი გვაქვს, რომ თუ ამ ფარგლებში დავრჩით დღიურად, იცით თქვენ, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში გვქონდა ერთხელ 25, მეორედ 29, დღეს გვქონდა 11 შემთხვევა და ასე შემდეგ. ეს აიხსნა კიდეც, რისი კუდები და რისი შედეგები იყო. თუ ჩვენ დავიცავთ ყველა იმ პირობას, რასაც ხშირად ვქადაგებთ, მაშინ დიდი ალბათობით, დიდი ნახტომისებური ზრდა ამ ორ კვირაში არ უნდა იყოს.
თუ ამ ნელი ზრდით წავედით და შევდივართ პიკში, დღეს ალბათ, დიდი ალბათობით, 500 გახდება, ცოტა მეტი. თუ ამ ტიპის ზრდით წავედით, დღეში 30, 40, 50-იც რომ იყოს, 60-იც, ეს ჯანდაცვის სისტემისთვის მართვადია, ანუ ჯანდაცვის სისტემა ამას მოუვლის სტაციონალურად, ჰოსპიტალურად და თუ საჭირო გახდა, პირველად ჯანდაცვაშიც. ამიტომ აუცილებელია, გვქონდეს საშუალება გაფართოებული ტესტირებისა და, მეორეს მხრივ, ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნის“,- განაცხადა გამყრელიძემ.