ამირან გამყრელიძე - ყოველდღიურად წითელას 15-25 შემთხვევა ფიქსირდება, თუ აცრილთა რაოდენობა 350 ათასს არ მიაღწევს, ინფექცია უკან არ დაიხევს
საქართველოში ყოველდღიურად წითელას 15-25 შემთხვევა ფიქსირდება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისშია, შემდეგ მოდის დასავლეთ საქართველოს რეგიონები – იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, მომდევნო კი, კახეთია.
ოფიციალური მონაცემებით, წელს წითელას 3 172 შემთხვევა დასტურდება.
„იანვრიდან, ამ წლის განმავლობაში გვაქვს წითელას 3 172 შემთხვევა, რაც მეტია, ვიდრე შარშან მთელი წლის განმავლობაში ანუ წითელას ეპიდაფეთქება ჯერ კიდევ გრძელდება და აცრების გარდა ვერაფერი შეაჩერებს. დღევანდელი მდგომარეობით, გეგმური აცრების გარდა, დამატებით ვაქცინაცია დაახლოებით 118 ათასმა ადამიანმა ჩაიტარა, თუმცა ეს არ არის საკმარისი. ვიდრე აცრილთა რაოდენობა 350 ათასს არ მიაღწევს, ინფექცია უკან არ დაიხევს“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, ინფექცია ძირითადად 20-დან 40-წლის ასაკობრივ ჯგუფში ვრცელდება. ძირითადად ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც 90-იან წლებში არ აცრილან ან წითელა არ გადაუტანიათ.
ამასთან, გამყრელიძე განმარტავს, რომ წითელას შემთხვევები მაღალია 0-დან ერთ წლამდე ბავშვებში.
„წითელას საწინააღმდეგო იმუნიტეტი ბავშვს დედიდან გადაეცემა. თუ დედა აცრილია ან გადატანილი აქვს წითელა, ბავშვი დაბადებიდან პირველი რვა თვის განმავლობაში დაცულია“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ორსულებსა და მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ურჩევს, ცხელებისა და გამონაყარის გარდა, ყურადღება მიაქციონ პირის ღრუს. ვირუსს განვითარების რთული ფორმებიც ახასიათებს და ხშირად, ფილტვების ანთებით მიმდინარეობს.