ამირან გამყრელიძე - ყალიბდება გარკვეულწილად ახალი კლასტერი, რომელიც ლარსის საბაჟოსთანაა დაკავშირებული
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე კორონავირუსის ხუთი შემთხვევა დადასტურდა.
როგორც გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბარში განაცხადა, ადგილზე დამატებითი კვლევები მიმდინარეობს.
„დღეს, გარკვეულწილად ერთი კლასტერი ყალიბდება, რომელიც ლარსის საბაჟოსთან არის დაკავშირებული. იქ არის ხუთი შემთხვევა დადასტურებული და ახლა მიმდინარეობს კონტაქტების ეპიდკვლევა, რომ სწრაფად მოხდეს ლოკალიზება ეპიდაფეთქების. დაინფიცირების პირველწყარო დაახლოებით ვიცით“, – განაცხადა გამყრელიძემ.
11 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 44 პაციენტი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 264 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 44 პაციენტი –განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 054-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.