ამირან გამყრელიძე - სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება უპირველესია, პოლიტიკურ პროცესებში ჩართულ ადამიანებს ვთხოვ, გავუწიოთ ამას ანგარიში
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების ზრდა მოსალოდნელია.
მისივე თქმით, ჯანდაცვის სისტემა უმკლავდება ყოველდღიურად, 2000-ზე მეტ ახალ შემთხვევას, რაც ნიშნავს, რომ სისტემა მდგრადია. თუმცა გამყრელიძის განცხადებით, ყველგან არსებობს ზღვარი და ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ინფიცირებულთა დიდი რაოდენობა ძირითადად ბინაზე უნდა იმართოს.
ამასთან, ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ კარგად უნდა იყოს დაჭერილი ბალანსი შემზღუდველ ღონისძიებებსა და მეორე მხრივ მართვას შორის, თუმცა ამას ხელი არ უნდა შეუშალოს პრევენციული ღონისძიებების უგულებელყოფამ.
„პანდემია მთლიანად მსოფლიოში და ეპიდემია ჩვენთან, ქვეყანაში ასე მალე არ გაჩერდება, ჩვენ გვექნება შემთხვევების ზრდა. დღეს რომ ვუვლით ყოველდღიურად ახალ შემთხვევას, 2 400-ს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ნიშნავს, რომ ჯანდაცვის სისტემა მდგრადია. დაახლოებით 4000-მდე ადამიანი წევს საავადმყოფოებში, 2000-მდე არის კოვიდსასტუმროში, დანარჩენი არიან ბინაზე.
პირველადი ჯანდაცვის, ჰოსპიტალური ჯანდაცვის რგოლი უმკლავდება, მაგრამ ყველგან არსებობს ზღვარი, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ, მხედველობაში მაქვს ჯანდაცვის სექტორი, რათა გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას, რადგან შემთხვევების ზრდა იქნება, ამიტომ უნდა გავითავისოთ, რომ ინფიცირებულების დიდი რაოდენობა ძირითადად უნდა იმართონ ბინაზე.
უმრავლესობა მაინც მსუბუქია, ან 20-დან დაახლოებით 30 პროცენტამდე არიან უსიმპტომოები. ისინი ბინაზე უნდა მკურნალობდნენ. ვისაც სჭირდება ჰოსპიტალური სამედიცინო დახმარება, მათთვის ქვეყანაში არის შესაბამისი პირობები, თავისუფლდება საავადმყოფოები და საწოლების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. კარგად უნდა იყოს დაჭერილი ბალანსი ერთი მხრივ შემზღუდველ ღონისძიებებსა და მეორე მხრივ მართვას შორის, მაგრამ ამას ხელი არ უნდა შეუშალოს პრევენციული ღონისძიებების უგულებელყოფამ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გარდა ამისა, ამირან გამყრელიძე პოლიტიკურ პროცესებში ჩართულ პირებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.
„მესმის, რომ პოლიტიკური პროცესი მიდის ქვეყანაში, ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ჩატარდა, მეორე ტურები იქნება, მაგრამ თხოვნა და მოწოდებაა თითოეული ადამიანისადმი, ვინც დღეს ამ პოლიტიკურ პროცესებშია ჩართული, ადამიანის უფლებებიდან უპირველესი არის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება, ამიტომ ყველამ გავუწიოთ ამას ანგარიში.
ჯერჯერობით ჩვენთან გარდაცვლილთა პროცენტული რაოდენობა, შეფარდებითი მაჩვენებლი მაღალი არ არის, თუმცა თითოეული გარდაცვალება ტრაგედიაა. ეს მაჩვენებლი გვეზრდება ქვეყანაში და გაიზრდება, გაიზრდება ასევე ინფიცირებულებთან მიმართებაში. თითოეული დამატებული ახალი ინფექცია არის რისკი გართულების, განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკში და ვისაც პარალელურად ქრონიკული დაავადებები აქვთ. ამიტომ მოვუფრთხილდეთ, დიდი თავშეყრები არის ინფექციის შემდგომი გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე მომატებული რისკი. მოვუწოდებ ყველას, ვინც ამ პროცესში მონაწილეობს, დავიცავთ რეკომენდაციები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.