ამირან გამყრელიძე - ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი წყარო არის ფული, უნდა ვეცადოთ, რომ ანგარიშსწორებები ელექტრონულად იყოს
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, მოქალაქეებს კიდევ ერთი რეკომენდაციით მიმართა.
გამყრელიძის თქმით, ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი წყარო არის ფული.
აქედან გამომდინარე, მისი თქმით, უმჯობესია, თუ ე.წ. ქეშ ფულს არ გამოიყენებენ.
გამყრელიძის განმარტებით, ჩინეთი მთლიანად გადავიდა ვირტუალურ ვალუტაზე და იქ ყველა ანგარიშსწორება ელექტრონულად ხდება.
„ერთ-ერთი წყარო გავრცელებისა გახლავთ ფული, ბანკნოტები. მინდა დღეს მოვუწოდო ბანკებს, განსაკუთრებით იმ ბანკებს, ვინც არიგებენ ე.წ ქეშით პენსიებს, ზოგადად მოსახლეობას, შესაძლოა ჩვენთვის ნაკლებად დამაზიანებელია, რადგან შიდა გავრცელება არ გვაქვს და ამ მეთოდებს იყენებდა ჩინეთი, მაგრამ რაც ადრე გამოვიყენებთ ამ ტიპის პრევენციულ ღონისძიებებს, მით უფრო დავიცავთ თავს. ჩინეთი ამ პერიოდში მთლიანად გადავიდა ვირტუალურ ვალუტაზე, ანუ ყველა ანგარიშსწორება იქ ხდება ელექტრონულად. ჩვენთანაც უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად ანგარიშსწორებები იყოს ელექტრონული, მაგრამ იქ, სადაც აუცილებელია ქეშით, სასურველია ქეშის ხმარების დროს, შემდეგ მაქსიმალურად დავიმუშავოთ ხელები“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამასთან, მან ბანკებს მიმართა, ყველა ფილიალში სადეზინფექციო სივრცეები ჰქონდეთ.
„მინდა, მივმართო ბანკებს, ბანკებს აქვთ შესაბამისი შესაძლებლობები, რომ ყველა ფილიალში, ბანკის განყოფილებებში იყოს ხელის დასამუშავებელი სივრცეები და იდგეს დეზინფექტორები, რათა ადამიანებს ჰქონდეთ ხელის დამუშავების საშუალება. ეს აუცილებელია თვითონ ბანკის თანამშრომლებისთვის, რომლებიც გასცემენ ქეშით თანხას, ასევე მათთვის, ვინც იღებს ქეშით თანხას. თავშეყრაა ხოლმე, როცა პენსიების გაცემა ხდება და მინდა ვთხოვო იმ ბანკებს, ვინც გასცემს პენსიებს, იქნებ ხელი შევუწყოთ ადამიანებს, რომ გაცემა იყოს ელექტრონულად და თუ ამის საშუალება არ არის ან ადამიანს არ უნდა, მაშინ შეუქმნან პენსიონერებს შესაბამისი შესაძლებლობები, რომ ფულის აღების შემდეგ ან მანამდე, ჰიგიენური ნორმები დაიცვან. თუ შესაძლებელია, რომ ამ დროს ავარიდოთ თავი დიდ თავშეყრას და რიგებს“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძემ ჰიგიენური პირობების დაცვისკენ მოუწოდა დიდ მოლებს, მაღაზიებსა და კინოთეატრებსაც.
„ბევრ რამეს ჩინეთის გამოცდილებიდან ვიღებთ. ეს არ არის ახალი ველოსიპედი, ეს გამოიყენეს ჩინელებმა და ამ მიდგომას ყველა დასენიანებული ქვეყანა იყენებს. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, დიდი თავშეყრის ადგილების შესაბამის ჰიგიენურ უზრუნველყოფას. ადგილებში, სადაც ყველაფრის მიუხედავად ადამიანები მიდიან, ეს იქნება საჯარო, თუ სამოქალაქო მომსახურების თავალსაზრისით, აუცილებელია ჰიგიენის დაცვა. მინდა მივმართო დიდ მოლებს, დიდ მაღაზიებს, დიდ კინოთეატრებს და ა.შ. სადაც ბავშვები, მოზარდები დადიან, იქ დაცული იყოს ჰიგიენური პირობები. საჭიროა ხშირად განიავება და ხელის დასამუშავებელი საშუალებების ხელმისაწვდომობა“ ,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.