ამირან გამყრელიძე - ვიმოგზაუროთ, უფრო ახლოს გავიცნოთ ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ყველამ უნდა დავიცვათ რეკომენდაციები
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საქართველოში შიდა ტურიზმის გახსნის საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ ყველამ უფრო ახლოს უნდა გავიცნოთ ჩვენი ქვეყანა, წელს, შიდა ტურიზმს უნდა მიეცეს მეტი სტიმული, რათა მეტმა ქართველმა იმოგზაუროს.
თუმცა, ამავე დროს გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, მოგზაურობის დროს რეკომენდაციები დაიცვან.
„ტურიზმის გახსნა აუცილებელია, ჩვენ, თითოეულმა თქვენგანმა ზაფხულში უნდა დაისვენოთ, წახვიდეთ, იმოგზაუროთ. ძალიან კარგი სლოგანია – უფრო ახლოს გავიცნოთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საქართველო. წელს, შიდა ტურიზმს უნდა მიეცეს მეტი სტიმული, რათა მეტმა ქართველმა იმოგზაუროს და დაისვენოს, მაგრამ, ამასთან ერთად, ყველამ უნდა დავიცვათ ის ელემენტარული რეკომენდაციები, რასაც ჩვენ ვიძლევით.
იგივე, ეს ეხება შიდა ტურიზმსაც, სადაც, ვთქვათ, საკვები სივრცეებია, სადაც მოგზაურობის სივრცეებია, რომ დისტანცირება, დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება, პირადი და საზოგადოებრივი ჰოგიენა იყოს დაცული და მოგზაურობის პერიოდში თუ გაგიჩნდათ პირველივე სიმპტომი – ტემპერატურა, ხველა, მიმართეთ ექიმს, დარეკეთ 112-ზე, დავურეკოთ ჩვენს ექიმს და ვიმოქმედოთ მისი დანიშნულების მიხედვით“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამასთან, გამყრელიძის განმარტებით, რეკომენდირებულია პირბადის გამოყენება რიგ შემთხვევებში დახურულ სივრცეებშიც.
„რა თქმა უნდა, კვების დროს პირბადეს ვერ გამოიყენებთ, მაგრამ დახურულ სივრცეებში, თუ თქვენ სხვა მაგიდასთან მიბრძანდებით ან გადიხართ საპირფარეშოში, მაშინ პირბადე უნდა გეკეთოთ. ისე, რა თქმა უნდა, ჭამის დროს არ გამოიყენოთ პირბადე, თუმცა სადღაც ვნახე, ასეთი პირბადეებიც გამოდის“,- განაცხადა გამყრელიძემ.
საქართველოში შიდა ტურიზმი დღეიდან იხსნება.