ამირან გამყრელიძე - უნივერსიტეტებს მოვუწოდებთ, სადაც არის საშუალება, ამ პერიოდის განმავლობაში ონლაინ სწავლებაზე გადავიდეთ
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე დამსაქმებლებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ რეკომენდაციები და სამსახურში არ დაუშვან ადამიანები, რომლებიც დასასვენებლად, ბიზნეს ან სხვა მიზნით კორონავირუსით მაღალდასენიანებულ ქვეყნებში იმყოფებოდნენ.
მისივე თქმით, გამოცემულია ნორმატიული აქტი, რომ ასეთ შემთხვევაში დასაქმებულებს ანაზღაურება უნარჩუნდებათ.
„განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს. ძირითადად, ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან, მაგრამ ასევე არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც. კარგია, რომ აცნობიერებენ თავიან სამოქალაქო პასუხისმგებლობას და იცავენ წესებს, რომელიც დაკავშირებულია კარანტინთან და თვითიზოლაციასთან. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა თავიდან ავირიდოთ ინფექციის შემდგომი გავრცელება ქვეყნის შიგნით. ასევე, მინდა, ვთხოვო და მოვუწოდო დამსაქმებლებს, რომ ყველა დამსაქმებელმა ყურად იღონ რეკომენდაცია, რასაც მუდამ ვაცხადებთ, რომ მაღალდასენიანებული ქვეყნებიდან მოსული ადამიანები, რომლებიც იყვნენ ბიზნესმოგზაურობაში, დასასვენებლად თუ ა.შ, სამსახურში არ დაუშვან, თუ არ იქნება შესაბამისი თვითიზოლაციის რეჟიმი. ასევე, დღეს გამოვიდა მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტი, რომ აღნიშნულ მოქალაქეებს ეს არ ჩაეთვალოთ განაცდურში და შეუნარჩუნდეთ ანაზღაურება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
რაც შეეხება სასწავლო დაწესებულებს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, სწავლა დროებით შეწყვეტილია როგორც სკოლებში, ისე ბაგა-ბაღებსა თუ უმაღლეს სასწავლებლებში.
„ხდება ინტენსიური დასუფთავება და ინტენსიური დეზინფექცია ყველგან. ეს გარკვეულწილად ხელს შეუწყობს შესაბამისი ჰიგიენური პირობების შექმნას, პირადი თუ საზოგადოებრივი ჰიგიენის მეტად დაცვას და ეს გახლავთ ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება. უნივერსიტეტებს მოვუწოდეთ, რომ განათლება ჩვენთვის ფუნდამენტურია და სადაც ტექნოლოგიური და ტექნიკური საშუალება არის, გადავიდეთ ონლაინ სწავლებაზე ამ პერიოდის განმავლობაში“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა.