ამირან გამყრელიძე - უნდა გავითავისოთ, რომ გარკვეული პერიოდი კორონავირუსის შემთხვევები ყოველდღიურად 200-500-ის ფარგლებში იმერყევებს, მთავარია, ყველაფერი იყოს მართვადი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობის ფონზე საქართველოში გარდაცვლილთა რიცხვი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. მისივე თქმით, შემთხვევების რაოდენობის ზრდა მოსალოდნელი იყო, განსაკუთრებით აჭარაში.
ამირან გამყრელიძის განმარტებით, ახალი შემთხვევების რაოდენობა პერიოდულად 200-დან 500-ის ფარგლებში იქნება, თუმცა მთავარია, იყოს მართვადი. ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ დროისთვის ვითარება სრულად მართვადია და პაციენტებს შესაბამისი დახმარება უტარდებათ.
„სამწუხაროდ, გვაქვს 31 გარდაცვალება. ქვეყანაში სიკვდილიანობის მთლიანი პროცენტი არის 0.56, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვაქვს ევროპაში. პროგნოზირებადი იყო, რომ სექტემბერში შემთხვევების რაოდენობა მოიმატებდა, შესაბამისად მოიმატებდა საშუალო და მძიმე, მათ შორის კრიტიკული შემთხვევები, ამიტომაც არის ეს ასეთი ციფრი. წარმოიდგინეთ, აგვისტოს ბოლომდე, ვიდრე 1 500-მდე შემთხვევა გვქონდა საერთოდ დადასტურებული, მაშინ გვქონდა 19 გარდაცვალება და როცა სექტემბერში თითქმის 4 000 ახალი შემთხვევა დაემატა, გვაქვს დამატებით 12. თითოეული გარდაცვალება ძალიან დიდი ტრაგედიაა, მაგრამ სამწუხაროდ, მედიცინაში ეს ხდება, თუმცა შემთხვევათა დიდი რაოდენობის ფონზე, საქართველოს აქვს ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო პროცენტი. ჯერჯერობით აჭარა რჩება ყველაზე ცხელ წერტილად. ანუ, იქ ხდება კონცენტრირება ინფექციის დიდი ნაწილის, ეს მერყეობს 60-დან 75 პროცენტამდე სხვადასხვა დღეს. დღეისთვის აჭარაში სტანციონარებში არის 502, კოვიდ-სასტუმროებში 998, ბინაზე მეთვალყურეობის ქვეშ 600-მდე ინფიცირებული. პროგნოზირებადი იყო, რომ ჩვენ შემოდგომაზე, ზაფხულის სეზონის შემდეგ გვექნებოდა ზრდა და რომ ეს ყველაფერი დაიწყებოდა აჭარიდან. ამავე დროს, უნდა გავითავისოთ ისიც, რომ ჩვენ ყოველდღიურად გარკვეული პერიოდის განმავლობაში გვექნება შემთხვევათა მერყეობა 200-400-500-ის ფარგლებში, მაგრამ ეს ყველაფერი მთავარია, უნდა იყოს მართვადი. ჯერჯერობით ეს ყველაფერი სრულად მართვადია და ავადმყოფებს ეწევათ შესაბამისი დახმარება“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, საქართველო გადავიდა იმ მოდელზე, როცა აქტიურად ერთვება პირველადი ჯანდაცვა, ხდება მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტების სახლში მკურნალობა.
„იმ ოჯახებში, სადაც არის მრავალი წევრი და იზოლირება ვერ ხორციელდება, ამ ადამიანებისთვის ჩავრთეთ ე.წ. შუალედური რგოლი, კოვიდ-სასტუმროები, სადაც უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტები გადიან ექიმის მეთვალყურეობით მკურნალობას“, – განაცხადა გამყრელიძემ.