ამირან გამყრელიძე - საშიშროება სერიოზულია, მომავალი ერთი თვე იქნება ძალიან რთული, ამიტომ უნდა გავიჭირვოთ ორი თვე მაინც და ვიყოთ სახლებში
საშიშროება სერიოზულია, მომავალი ერთი თვე იქნება ძალიან რთული, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, ამ პერიოდის სირთულე ქვეყანაში უდიდეს დღესასწაულს უკავშირდება.
„საშიშროება სერიოზულია. მომავალი ოთხი კვირა, ერთი თვე იქნება ძალიან რთული. ამიტომ ყველამ დავიცვათ, ის, რასაც ჯანდაცვის უწყება და საქართველოს მთავრობა მოგიწოდებთ. ეს ოთხი კვირა, მომავალი ერთი თვე ემთხვევა ყველაზე უფრო დიდ დღესასწაულს ქვეყანაში, ამიტომ მიუხედავად ყველაფრისა, მიჭირს ამის თქმა ახლა მოსახლეობისთვის, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, უნდა დავიცვათ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა, მათი სიცოცხლე. მიუხედავად ყველაფრისა, უნდა დავემორჩილოთ მოწოდებებს და უნდა მივყვეთ რეკომენდაციებს, თუ არადა ამ ოთხი კვირის განმავლობაში დიდი საფრთხეა ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემიის განვითარებისა.
ვუყურებ, რომ მოეშვა ცოტა მოსახლეობა, დაბრძანდებიან ქუჩებში, იქნება მანქანით, თუ ფეხით, ისევ არის თავშეყრა. ვერავის აუკრძალავ, რომ რაღაცა უხაროდეს, მაგრამ ვართ საგანგებო ვითარებაში, ფართომასშტაბიანი ეპიდემიის ზღვარზე. ეპიდემია არის ქვეყანაში და შეიძლება, ეს გადავიდეს ისეთ უმართავ პროცესებში, როგორც იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში და ხედავთ, რა ხდება იქ და კიდევ მრავალ ევროპულ ქვეყანაში, რომლებიც არიან გაცილებით ძლიერები ეკონომიკურად, გაცილებით ძლიერები ჯანდაცვის სისტემის თვალსაზრისით, ვიდრე საქართველო. ამის რეალური საშიშროება ქვეყანაში არის. ამიტომ, ვთხოვთ კიდევ ერთხელ ყველას, დავიცვათ ის რეჟიმი, რასაც გვეუბნება სახელმწიფო და ჯანდაცვის სფერო. სოციალური დისტანცირება გახლავთ ყველაზე მძაფრი იარაღი ეპიდემიასთან ბრძოლის. უნდა გავიჭირვოთ მინიმუმ ორი თვე მაინც, რომ ვიყოთ სახლებში, განსაკუთრებით ხანდაზმულები, ავადმყოფები ქრონიკული დაავადებებით, მაღალი რისკის მქონე ადამიანები. დაიცვას ყველამ კარანტინი“, – განაცხადა გამყრელიძემ.