ამირან გამყრელიძე - ძალიან ვერაგი და საშიშია ეს პანდემია, ამიტომ დავრჩეთ სახლში, განსაკუთრებით მომავალი ერთი კვირის განმავლობაში
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ახალი ტიპის კორონავირუსი, კოვიდ19 უფრო საშიშია, ვიდრე სხვა ეპიდემია, რომელიც ადრეულ წლებში დაფიქსირებულა.
გამყრელიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აუცილებელია სოციალური დისტანცირება და სახლში დარჩენა, რათა ქვეყანამ ეპიდემია რაც შეიძლება ნაკლები დაზიანებით დაამარცხოს.
„კუმულაციური რიცხვი აქ გაცილებით მეტია, გაითვალისწინეთ ეს და ამიტომ ვაფრთხილებთ მოსახლეობას, რადგან პირველი სარსით დაავადდა სულ 8000 ადამიანი და, სამწუხაროდ, დაიღუპა 800. მეორე კორონავირუსული ინფექციის დროს, შუა აღმოსავლეთის სინდრომის დროს დაავადდა სულ 3000-მდე ადამიანი და მესამედი დაიღუპა ანუ 1000-მდე. ამ ვირუსით უკვე, სამწუხაროდ, 135 000 ადამიანია დაღუპული მსოფლიოში. ანუ კუმულაციური რიცხვია, უფრო ვერაგია ეს პანდემია, უფრო საშიშია, მთელ მსოფლიოშია, ხედავთ რა ხდება ნიუ იორკში, დღეს რა მოხდა იტალიაში, რა მოხდა საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში. ვერ გამოვალთ დაუზიანებლად, რადგან უკვე გვაქვს დაზიანებები, მაგრამ იმისთვის, რომ შედარებით მსუბუქად გამოვიდეთ, ისევ და ისევ მხოლოდ ერთი იარაღია – ეს არის სოციალური დისტანცირება და სლოგანი – დავრჩეთ სახლში, დავრჩეთ სახლში განსაკუთრებით მომავალი ერთი კვირის განმავლობაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.