ამირან გამყრელიძე - უახლოეს მომავალში გვექნება ისეთი შემთხვევები, როდესაც კორონავირუსის შემოტანის პირველწყაროზე ვერ გავალთ
ამირან გამყრელიძე - უახლოეს მომავალში გვექნება ისეთი შემთხვევები, როდესაც კორონავირუსის შემოტანის პირველწყაროზე ვერ გავალთ

შემიძლია ვთქვა, რომ უახლოეს მომავალში გვექნება ისეთი შემთხვევები, როდესაც ინფექციის შემოტანის პირველწყაროზე ვერ გავალთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, მათი მთავარი ამოცანაა, მაქსიმალურად შეამცირონ შემთხვევების სწრაფი ზრდის ალბათობა.

„ჩვენ ჯერ კიდევ ვიმყოფებით ე.წ. შეკავების ფაზაში, ორთვენახევარია, საქართველო ებრძვის ამ ინფექციას და გარკვეულად შევაკავეთ, რომ არ გადავედით ფართო გავრცელების ფაზაში. ამ დრომდე ყველა შემთხვევის წყარო ვიცით, საიდან შემოვიდა, ვის გადაედო. როდესაც გაჩნდება ავადმყოფი სადმე, რომელიმე ამბულატორიულ დაწესებულებაში ან კლინიკაში ტემპერატურით, რომელიც არ ყოფილა არც ესპანეთში, არც საფრანგეთში, არც ევროპაში და დაუდგინდება კორონავირუსული ინფექცია, როცა ვერ გაიხსენებს ან ვერ გვეტყვის ვისთან იყო კონტაქტში, რომელიმე საეჭვო პერსონასთან, მაშინ ვამბობთ, რომ არის მეოთხეული გადაცემა. ეს დღეს ჯერ არ ფიქსირდება. მაშინ იწყება ე.წ. ფართო გავრცელება, რომელიც არის ძირითადად პირველი შემთხვევის დადგენიდან მესამე, მეოთხე კვირაში და მერე მიდის ინფექციის ზრდა. ჩვენ არ ვაშინებთ მოსახლეობას, მაგრამ ყოველთვის ვაფრთხილებთ და ვამბობთ, რომ შემთხვევების ზრდა გვექნება, მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანაა, მაქსიმალურად შევამციროთ ალბათობა შემთხვევების სწრაფი ზრდისა ქვეყანაში“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.