ამირან გამყრელიძე - თითქმის ყველა ქვეყნიდან შემოსული ადამიანი, თუ უფიქსირდება კორონავირუსისთვის დამახასიათებელი რომელიმე სიმპტომი, გადადის კლინიკაში და არა კარანტინში
თითქმის ყველა ქვეყნიდან შემოსული ადამიანი, თუ მას უფიქსირდება ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება, ერთ-ერთი ამ სიმპტომებიდან, აუცილებლად უნდა იქნეს გადაყვანილი კლინიკაში და არა პირდაპირ კარანტინში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბე“ განაცხადა.
მისივე თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფო ამ ეტაპზე გამანაწილებლის ფუნქციას შეასრულებს.
„კარანტინში გადადიან უსიმპტომო ადამიანები და თვითიზოლაციაშიც ასევე გადადიან უსიმპტომო ადამიანები. მაგრამ თუ სიმპტომები უფიქსირდებათ, ისინი რამდენიმე დღით თავსდებიან საავადმყოფოში. იქ პირველადი კვლევა ტარდება, იგივე ტესტირება ლაბორატორიული. თუ დასტურდება ვთქვათ კორონავირუსული ინფექცია, შემდგომ გადადის სპეციფიკურ რომელიმე დაწესებულებაში, სადაც მკურნალობა მიმდინარეობს.
დღეს იცით, მკურნალობა მიმდინარეობს ბათუმის ინფექციურში, თბილისში, ძირითადად 90 პროცენტი თბილისის ცენტრალურ ინფექციურში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. თუ უარყოფითია, მაგრამ სიმპტომები გრძელდება, შესაძლებელია ვირუსზე დადებითი რეაქცია გამოვლინდეს რამდენიმე დღეში, ამიტომ ის დარჩება ისევ რესპუბლიკურში, ექიმების მონიტორინგის ქვეშ. ეს არის, ასე ვთქვათ, ტრიაჟის სისტემა, რომელსაც ძალიან ბევრი ქვეყანა მიმართავს“,- განაცხადა გამყრელიძემ.