ამირან გამყრელიძე - თავი ავარიდოთ მოგზაურობას, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც კორონავირუსის გავრცელება მაღალია
საქართველოში მიმდინარე წლის 25 იანვრიდან დღემდე ახალი კორონავირუსის 171 შესაძლო შემთხვევა იყო გამოკვლეული, საიდანაც ვირუსი სამს დაუდასტურდა, რომელიც მსუბუქი კლინიკური სურათით მიმდინარეობს, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, კარანტინში 97 ადამიანი იმყოფება, ინფექციური პროფილის კლინიკებში კი, არის 40 შესაძლო შემთხვევა.
„გამოსაკვლევად შემოსულია 14 ნიმუში და პასუხები დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი. ჩვენთან მზადყოფნის რეჟიმი გაძლიერებულია, გახანგრძლივდა სკოლის არდადეგები, თავშეყრის ღონისძიებები გაუქმდა, მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, მთავარი რეკომენდაციაა, მოგზაურობისგან თავის არიდება, განსაკუთრებით ვირუსის მაღალი გავრცელების ქვეყნებში.
„რეკომენდაციები რჩება იგივე: თავი ავარიდოთ მოგზაურობას, განსაკუთრებით მაღალდასენიანებულ ქვეყნებში – სამხრეთ კორეა, ჩინეთი, ირანი და იტალია. ეს არ არის აკრძალვა და არც გვაქვს ამის უფლება, მაგრამ სასურველია, შეიზღუდოს მოგზაურობა. ვინც ჩამოდიან მაღალდასნეულებული ქვეყნებიდან და აქვთ სიმპტომები, კლინიკაში გადაგვყავს თუ არა, საკარანტინე სივრცეში“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, საქართველოში გამოყოფილია ხუთი საიზოლაციო სივრცე.
ამასთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, სწრაფი ტემპით იზრდება ჩინეთს გარეთ დასენიანებულ ქვეყანათა რაოდენობა. ვირუსი უკვე 64 ქვეყანაშია გავრცელებული, შესაბამისად ძირითადი ყურადღებაც აღნიშნულ ქვეყნებზე გადავიდა.