ამირან გამყრელიძე - სწრაფი ტესტები არ გამოიყენება კორონავირუსის დიაგნოსტიკისთვის, ისინი არიან დამხმარე ტესტები ე.წ. მასობრივი კვლევების დროს
დღევანდელი საერთაშორისო პროტოკოლებით, მსოფლიოში არც ერთი სწრაფი ტესტი არ ითვლება დამადასტურებელ ტესტად, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, სწრაფი ტესტები არ გამოიყენება კორონავირუსის დაავადების დიაგნოსტიკისთვის, ისინი არიან დამხმარე ტესტები, რომლებიც გამოიყენებიან ე.წ. მასობრივი კვლევების დროს, მათი მგრძნობელობა გაცილებით დაბალია, ვიდრე სხვა ტიპის ტესტების, მათი დიაგნოსტიკური ღირებულება არ აქვთ.
„დაავადების დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება რასაც ჩვენ „პისიარს“ ვუწოდებთ, ე.წ. მოლეკულური ტექნოლოგიები, ანუ პოლიმერიზაციის ჯაჭვურ რეაქციაზე დამყარებული ტესტები. ბევრია დღეს მსოფლიო ბაზარზე ამ ტიპის კომპანია, რომლებიც აწარმოებს ამ ტესტებს. ჯერ მათი სპეციფიურობა და მათი მგრძნობელობა არ არის მაღალი. ალბათ დრო გვაჩვენებს, რომ დროთა განმავლობაში ისინი დაიხვეწება, როგორც დაიხვეწა წლების განმავლობაშ შიდსის სწრაფი ტესტი, ჰეპატიტების ტესტები და ა.შ. არც ამერიკის წამლისა და საკვების ადმინისტრაცია, არც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, არც ევროპის წამლის სააგენტო არ იძლევიან რეკომენდაციებს, რომ ეს ტესტები გამოყენებული იყოს დიაგნოსტიკის მიზნით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძე.
კითხვაზე, ტესტების სახლწოდებით „ბიოზეკი“ , რომლებიც „თიბისი ბანკმა“ გადმოსცა ქვეყანას, იყო თუ არა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ შემოწმებული, ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ეს ტესტები ცენტრში არ შეუფასებიათ.
მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტესტები დასახელებით „ბიოზეკი“, რომელიც ნიდერლანდების წარმოებისა უნდა ყოფილიყო, სინამდვილეში ჩინეთის წარმოების აღმოჩნდა.
ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ „ბიოზეკის“ ტესტების შესყიდვის ხელშეკრულება ამ მომენტში საქართველოს არ აქვს და არც იგეგმება რაიმე ცვლილება. მისივე თქმით, ამის მიზეზად იქცა ის, რომ ტესტების მოწოდება ხელშეკრულებით გაწერილ ვადაში ვერ მოხდა.