ამირან გამყრელიძე - სლოგანი „დავრჩეთ სახლში“ ძალაში იქნება კარგა ხანს
სლოგანი „დავრჩეთ სახლში“ ძალაში იქნება კარგა ხანს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, აპრილის ბოლო კვირა, მაისის პირველი კვირები მოსალოდნელია შემთხვევების ზრდა.
„საქართველო ერთ-ერთი დაბალია მთელ მსოფლიოში სიკვდილიანობის მაჩვენებლით და ბევრი კიდევ სხვა მაჩვენებლით, რომელსაც ახლა არ ჩამოვთვლი. მაგრამ, მოგეხსენებათ ყველაფერი წინ არის. ჯერ პანდემია ვრცელდება მთელ მსოფლიოში. ვერ გააჩერეს დიდმა ქვეყნებმა პანდემიის გავრცელება.
რატომ ვამბობ მომავალ სამ კვირას, ამაზე ხშირად მეკითხებიან – ჩვენ პირველი შემთხვევა დაგვიფიქსირდა 26 თებერვალს და 22 მარტს დავაფიქსირეთ უკვე შიდა გავრცელების შემთხვევები, როდესაც უკვე ვეღარ გავედით პირველწყაროზე. ჩვენ ვიყენებთ ძალიან და ვსწავლობთ ბევრი ქვეყნის გამოცდილებას და შიდა გავრცელებიდან დაწყებული უკვე მეექვსედან მერვე კვირამდე ითვლება ყველაზე უფრო კრიტიკულ კვირებად.
დღეს ჩვენ შევედით მეხუთე კვირაში. ამიტომ, აპრილის ბოლო კვირა, მაისის პირველი კვირები მოსალოდნელია, რომ იყოს ინფექციის შემთხვევების ზრდა. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას და გთხოვთ უმორჩილესად, რომ ის მთავარი სლოგანი, რომელიც ხშირად გესმით ამ დღეების განმავლობაში – „დავრჩეთ სახლში“, ის ძალაშია და ძალაში იქნება უმრავლესობისთვის კარგა ხანს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.