ამირან გამყრელიძე - სკოლების დაკეტვა ყველაზე ბოლოს უნდა მოხდეს და ეპიდვითარების შემსუბუქების დროს პირველი ისინი უნდა გაიხსნას
ამირან გამყრელიძე - სკოლების დაკეტვა ყველაზე ბოლოს უნდა მოხდეს და ეპიდვითარების შემსუბუქების დროს პირველი ისინი უნდა გაიხსნას

სკოლების დაკეტვა ყველაზე ბოლოს უნდა მოხდეს და პირველი ისინი უნდა გაიხსნას, როდესაც შემსუბუქებას აქვს ადგილი, – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „თავისუფალი ხედვა“ წამყვანის შეკითხვას, რა გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ სკოლები არ შეიზღუდოს, სადაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი მობილობაა და დამატებით, რა შეზღუდვები მზადდება სკოლებისთვის.

„ეს ჩემი სლოგანი არ არის, გაერო-ს და კერძოდ, ბავშვთა ფონდის და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სლოგანია, რომ სკოლები არის დაწესებულებები, სადაც შეზღუდვების შემოღების შემთხვევაში ყველაზე ბოლოს უნდა იქნას შეზღუდვა, ანუ სკოლების დაკეტვა და ასევე, პირველი ისინი უნდა გაიხსნან, როდესაც შემსუბუქებას აქვს ადგილი. ამიტომ, ჩვენ ამას მივყვებით”, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, დღეს, სკოლებში ინფიცირების მაჩვენებელი დაახლოებით, 10%-დან 15%-ის ფარგლებში მერყეობს.

„გასაგებია, რომ 2020 წელს სკოლები დაკეტილი გვქონდა, შემდგომ კი არჩევითი იყო, წერტილოვანი, მაგრამ დღეს ჩვენი და განათლების სამინისტროს მონაცემები რომ შეჯერდა, სკოლებში ინფიცირების მაჩვენებელი დაახლოებით, 10%-დან 15%-ის ფარგლებში მერყეობს. დღეს, რამდენიმე ათეული სკოლა დისტანციურ სწავლებაზეა გადასული. განსხვავებით, საქართველოს აქვს მიდგომა, რომ მშობლებს შეუძლიათ, აირჩიონ და ერთსა და იმავე კლასში ბავშვი შეიძლება, პირისპირაც იყოს და დისტანციურადაც. გარდა ამისა, მასწავლებელთა ორჯერადი აცრის მაჩვენებელმა გარკვეულად აიწია და 70%-ზე ოდნავ მეტია. არის სკოლები, სადაც მასწავლებელთა აცრის მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია და მთელ რიგ სკოლებში 80%-ზე მეტია. ასევე, გადატანის შემდგომი იმუნიტეტიც უკვე გაფართოებულია და ამიტომ, ჯერჯერობით, მაინც მოვერიდეთ სკოლებთან დაკავშირებულ შეზღუდვებს. შევჩერდით იმაზე, რომ კარგად აღვასრულოთ ის, რაც დღეს არის დაწესებული. მთავარი არის ნიღაბი”, – განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, მეცნიერებამ და საზოგადოებამ 2020 წლის შემდეგ მეტი ისწავლა და დღეს, მართვის უფრო სხვა პრინციპებზე გადავიდა.

„პანდემიის მართვის პოლიტიკა 2020 წელთან შედარებით, 2021 წელს შეიცვალა. მკაცრი შეზღუდვები, რაც 2020 წლის განმავლობაში იყო, პანდემიის შეკავების ერთადერთი იარაღი იყო, მაგრამ 2021 წელს ის შეიცვალა, მას შემდეგ, რაც ვაქცინა და მართვის სხვა საშუალებები შემოვიდა. ანუ, მეტი ისწავლა კაცობრიობამ, მეცნიერებამ, საზოგადოებამ და მართვის უფრო სხვა პრინციპებზე გადავედით. „ომიკრონმა“ კიდევ შეცვალა ეს მიდგომა, რადგან სხვა შტამებთან შედარებით, ის უფრო მსუბუქად მიმდინარეობს”, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, დღეს, ამაზე ყველა დიდი საერთაშორისო ინსტიტუცია საუბრობს და ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება ის, რომ „ომიკრონი“ შესაძლებელია, პანდემიის ამ დიდი ტალღის დასასრულის დასაწყისი იყოს.

„ანუ, დიდი რაოდენობით ბუნებრივი იმუნიტეტი ჩამოყალიბდეს ამ უკვე ხელოვნურ იმუნიტეტთან ერთად. მოგეხსენებათ, კაცობრიობის დაახლოებით 50% აცრილია. 9,5 მილიარდი აცრაა ჩატარებული და მსოფლიოში უკვე 4,5 მილიარდი ადამიანია აცრილი. ანუ, მათ აქვთ ხელოვნური იმუნიტეტი და ამას ემატება კიდევ ისინი, ვინც გადაიტანა. ჩვენც ვანგარიშობთ საქართველოში და სხვადახვა მათემატიკური მოდელირების საშუალებით ვაკეთებთ გათვლებს, რამხელაა იმუნური ფენა. ეს ყოველთვიურად და შეიძლება ვთქვათ, ყოველდღიურადაც იცვლება. ქვეყანაში 1 200 000 ადამიანი ორჯერ არის აცრილი, დაახლოებით მილიონს დადასტურებული და გადატანილი აქვს, მაგრამ შეფასებითი მაჩვენებლით, სხვადახვა კვლევით ეს არის მოსახლეობის დაახლოებით, 40 %. ამას ემატება რამდენიმე კომპონენტი და დღეს ალბათ, სადღაც, 80%-ზე მაინც ავდივართ, ან შეიძლება, მეტზეც, ვინც იმუნურია”, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში ნიღბის ტარების მაჩვენებელი 35%-დან 53%-მდე ავიდა, რაც კარგია.

„გამიხარდა ის, რომ ნიღბის ტარების მაჩვენებლით 35%-დან 53%-მდე ავედით. რა თქმა უნდა, სჯობს, ეს იყოს 80-85 და 90%. მაშინ, დღეში 16 000 შემთხვევა კი არ გვექნება, არამედ გაცილებით ნაკლები, რადგან ნიღაბი სერიოზულად გვიცავს”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.