ამირან გამყრელიძე - შიდა გავრცელებიდან მეშვიდე კვირაში შევდივართ, ამიტომ მეტი სიფრთხილე გვმართებს, ყველამ, ვისაც ტემპერატურა და რესპირაციული სიმპტომები აქვს, მიმართოს ექიმს
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში ე.წ. მასობრივი კვლევის ღონისძიებები კვლავ უნდა აღდგეს, მათ შორის თერმოსკრინინგი; ასევე მოსახლეობამ მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რადგან ქვეყანა შიდა გავრცელების დაფიქსირების პერიოდიდან მეშვიდე კვირაში შედის.
ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ მარნეულში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მარნეულში რეგიონის გუბერნატორთან და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტსა და რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს.
„დღეს დაავადებათა კონტროლი ცენტრის ხელმძღვანელობა – პაატა იმნაძე, მთავარი ეპიდემიოლოგი ხათუნა ზახაშვილი, გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი ანა კასრაძე და ფიქრია შავრეშიანი, რომელიც არის მიმაგრებული ქვემო ქართლზე, ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ეპიდემიოლოგი, ვესტუმრეთ მარნეულს და კიდევ სამ მუნიციპალიტეტში გვაქვს შეხვედრები. დავიწყეთ მარნეულით, მივდივართ ბოლნისსა და თეთრიწყაროში. სამწუხაროდ, ამ რეგიონში გვაქვს მთლიანად საქართველოში არსებული შემთხვევების 32 პროცენტი, 189 ინფიცირებული ადამიანი, რომელთაგან ბევრი უკვე გამოჯანმრთელდა, მაგრამ საკმაოდ დაზიანებულია რაიონი, განსაკუთრებით სამი მუნიციპალიტეტი. ყველაზე მეტი შემთხვევა გვაქვს ბოლნისში – 107, შემდეგ თეთრიწყაროში და რამდენიმე ათეული მარნეულში. ამიტომ რეგიონის გუბერნატორ შოთა რეხვიაშვილთან და მერთან, ასევე ადგილობრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებთან ერთად განვიხილეთ სიტუაცია მთლიანად რეგიონში და კერძოდ მარნეულის მუნიციპალიტეტში. დაახლოებით დამატებით რეკომენდაციებს ვაყალიბებთ, რადგან მარნეულში პირველი ღონისძიებები რომ გავატარეთ, ძალიან ეფექტიანი იყო. თითქმის გავანულეთ ახალი შემთხვევების რიცხვი. სამწუხაროდ, გუშინ ისევ გვქონდა და სამწუხაროდ, ჩემს კოლეგებში, სამედიცინო პერსონალში. ამიტომ ისევ არის აღსადგენი ვთქვათ, ე.წ. მასობრივი კვლევის ღონისძიებები მუნიციპალიტეტში. ვგულისხმობ თერმოსკრინინგს, აქტიური გამოვლენას მომატებული ტემპერატურითა და სიმპტომებით, მათი ლაბორატორიული კვლევა და თუ დადგება, შემდგომი მკურნალობა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამასთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ პროცესის ეფექტიანად წარმართვისთვის მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაციის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
„აუცილებელია კომუნიკაცია მოსახლეობასთან. რეგიონში დიდია რაოდენობა ეთნიკური აზერბაიჯანელებისა, ჩვენი ძმების და დების, აუცილებელია ორენოვანი კომუნიკაცია მათთან, რათა დავაჯეროთ, რომ მთლიანად, რაც მსოფლიოში ხდება, არ არის სურდო და ალერგია. ეს არის სერიოზული კორონავირუსული ინფექცია და მას მსოფლიოში უკვე გამოვლენილთა 7 პროცენტი შეიწირა, ანუ სიკვდილობა 7 პროცენტამდე ავიდა და მძიმდება დაავადება“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, მთელმა რიგმა ქვეყნებმა პიკი გადალახეს და საქართველო ამ ეტაპამდე შედარებით ნაკლები დაზიანებით მოდის, ახლა კი პიკურ პერიოდშია.
„ახლა ვართ გარკვეულ პიკურ პერიოდში, ეს კვირა და მომავალი კვირა. ახლა, ორშაბათიდან მეშვიდე კვირაში შევდივართ, რაც შიდა გავრცელება დაგვეწყო და ამიტომ მეტი სიფრთხილე, მეტი გამოვლენა და ყველამ იცოდეთ, თუ ვინმეს ტემპერატურა და რესპირაციული სიმპტომები აქვთ, მიმართონ ექიმს, მისი რჩევით იმოქმედონ. გაფართოებულია გამოკვლევების რაოდენობა და თუ დადებითია, სწრაფად, საწყის ეტაპზე მკურნალობა იძლევა კარგ შედეგს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოუწოდებს, მოსახლეობას ყოველდღიურად გაისინჯონ ტემპერატურა.
„ვთხოვ და მოვუწოდებ მარნეულის მინიციპალიტეტის მოსახლეობას, ყოველდღიურად გაისინჯონ ტემპერატურა, გრძნობენ თუ არა. თუ მომატებულია ტემპერატურა აუცილებელია, მიმართონ ექიმს. თუ აქვთ ხველა, სიცხე, სუნთქვის უკმარისობა, აუცილებელია, მიმართონ ექიმს ან თუ იციან, რომ იყვნენ კონტაქტში ადამიანთან, ვისაც დაუდასტურდა ინფექცია, მიმართონ ექიმს. ეს არის ჩემი უმორჩილესი თხოვნა ყველასადმი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.