ამირან გამყრელიძე - შეზღუდვების შემსუბუქება ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელებთ ცხოვრებას, წლის ბოლომდე რიგი შეზღუდვები აუცილებლად დარჩება
ამირან გამყრელიძე - შეზღუდვების შემსუბუქება ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელებთ ცხოვრებას, წლის ბოლომდე რიგი შეზღუდვები აუცილებლად დარჩება

შეზღუდვების შემსუბუქება ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელებთ ცხოვრებას, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“.

„კოვიდ 19“ ჯერჯერობით, უცნობი ვირუსია, არავინ იცის, თუ როგორ მოიქცევა ის და ამიტომ, შეზღუდვების შემსუბუქება ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელებთ ცხოვრებას. დღეს მანქანები მოძრაობენ, რაც, რა თქმა უნდა, კარგია, რადგან ეკონომიკა თანდათან უნდა ამუშავდეს, რადგან ეკონომიკის განვითარების გარეშე ცხოვრება რთული იქნება, მაგრამ ძალიან დიდხანს, ვთქვათ, წლის ბოლომდე აუცილებლად დარჩება რიგი შეზღუდვები, როგორიც არის ხელების ხშირი დაბანა, დახურულ სივრცეებში პირდბადეების ტარება, უარის თქმა ბევრი ხალხის შეკრებაზე და დიდ თავყრილობებზე; უარის თქმა დიდ სუფრებზე, რაც ქართველებს ძალიან გვიყვარს და ა.შ.“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამ განცხადებით ამირან გამყრელიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როგორ უნდა მოვიქცეთ შეზღუდვების შემსუბუქების შემდგომ პერიოდში იმისთვის, რომ, ერთი მხრივ, დღეს არსებული მეტ-ნაკლებად ზომიერი ზრდა შევინარჩუნოთ და, მეორე მხრივ, ექვსი ეტაპიდან რომელიმე ეტაპის ამოქმედება არ გადავადდეს.

მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი სლოგანი – „დარჩი სახლში“, მალე შეიცვლება სლოგანით – „ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონასთან ერთად“.

„ჩვენ გვქონდა და დღესაც გვაქვს ერთ-ერთი მთავარი სლოგანი – „დარჩი სახლში“. ვფიქრობ, მალე ეს შეიცვლება სლოგანით – ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონასთან ერთად“. კორონავირუსული ინფექცია ერთ და ორ თვეში არ დამთავრდება. დარწმუნებული იყავით, როგორც კი მყარი დათბობა იქნება, ის მოიკლებს, როგორც სხვა რესპირაციული ინფექციები. ასევე, გატარებული ღონისძიებების გამო. თუმცა ჯერ ეს უცნობი ვირუსია და არავინ იცის, როგორ მოიქცევა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის მიუხედავად, რიგ ღონისძიებებზე უარის თქმა აუცილებლად მოგვიწევს მანამ, სანამ ეფექტური ვაქცინა არ შეიქმნება ან პოპულაციური, საზოგადოებრივი იმუნიტეტი არ ჩამოყალიბდება.

„საზოგადოებრივი იმუნიტეტი ორი რამის გამო ყალიბდება – ან 60-70%-მა უნდა გადაიტანოს დაავადება, ან უნდა გქონდეს ვაქცინა და აქტიური იმუნიზაციით ჩამოაყალიბო ეს საზოგადოებრივი იმუნიტეტი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

პოპულაციურ იმუნიტეტთან დაკავშირებით გადაცემის წამყვანმა ამირან გამყრელიძეს ჰკითხა, რა სურათი გვექნებოდა დღეს საქართველოში, ქვეყანას რომ ის მიდგომა აერჩია, რაც თავიდან აირჩია დანიამ, ჰოლანდიამ და დიდმა ბრიტანეთმა, რომელმაც შემდგომ მკაცრი კარანტინი გამოაცხადა და ამ მიდგომაზე უარი თქვა.

„პირდაპირ გეტყვით – ცუდი სურათი გვექნებოდა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.