ამირან გამყრელიძე - შეზღუდვების შემდეგ მთავარი მიღწევაა, რომ შემთხვევების მატება აღარ ფიქსირდება, თუმცა არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ ვირუსს ვამარცხებთ
ამირან გამყრელიძე - შეზღუდვების შემდეგ მთავარი მიღწევაა, რომ შემთხვევების მატება აღარ ფიქსირდება, თუმცა არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ ვირუსს ვამარცხებთ

ბოლო სამი კვირის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც შეზღუდვები მოქმედებს, მთავარი მიღწევაა, რომ უკვე აღარ ფიქსირდება შემთხვევების მატება, ანუ გარკვეულწილად, ახალ ინფიცირებულთა რაოდენობა დასტაბილურდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რეკომენდაციების დაცვა კვლავაც აუცილებელია და იმ ფონზე, როდესაც გარკვეულწილად, შეზღუდვების შემსუბუქება შეეხება სავაჭრო ქსელს და ამავდროულად, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების შემცირების გარკვეული ტენდენციაა, მოსახლეობამ არ უნდა შეიქმნას ილუზია, რომ კორონავირუსი მარცხდება.

„აქედან გამომდინარე, ყველა რეკომენდაცია, რომელიც არის ჩვენ მიერ ხშირად გაჟღერებული, აუცილებლად დასაცავია. განსაკუთრებით დასაცავია ახლა. დღეს საბჭომ მიიღო საკმაოდ რთული, დაბალანსებული გადაწყვეტილება, რომ გარკვეულად შემსუბუქება შეეხება სავაჭრო ქსელს. აქედან გამომდინარე, მიზანშეზწონილად ვთვლი, კიდევ ერთხელ მოვუწოდო მოსახლეობას, რომ არ ჩაითვალოს და არ შევიქმნათ ილუზია იმისა, რომ ჩვენ კორონავირუსულ ინფექციას ვამარცხებთ. აქამდე ძალიან შორს ვართ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.