ამირან გამყრელიძე - შევთანხმდით, რომ ტესტირება უფრო ფართოდ იყოს ხელმისაწვდომი კლინიკებისა და მოსახლეობისთვის
ამირან გამყრელიძე - შევთანხმდით, რომ ტესტირება უფრო ფართოდ იყოს ხელმისაწვდომი კლინიკებისა და მოსახლეობისთვის

საქართველოში ახალი კორონავირუსის ტესტირებაზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტების შეხვედრა შედგა.

მისი თქმით, შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად ახალ კორონავირუსზე ტესტირების თემაზე იმსჯელეს, კონკრეტულად ვის უნდა ჩაუტარდეს და როგორ.

„დღეს ქვეყანაში უკვე გამოკვლეულია 1 126 ნიმუში. ჩვენ ტესტირება დავიწყეთ თებერვლის დასაწყისში, ლუგარის ცენტრში, შემდეგ, ბოლო ორი კვირაა, მოვახდინეთ მისი დეცენტრალიზება და დღევანდელი რიცხვით ტესტირებას აწარმოებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ქუთაისისა და ბათუმის დეპარტამენტები, ასევე ცენტრალური ინფექციური საავადმყოფო და ექსპერტებთან ერთად შევთანხმდით, რომ მოხდეს უფრო მეტად განვრცობა, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა ტესტირებაზე და რომ ტესტირების საშუალება, იქნება ეს სწრაფი, თუ „ოქროს სტანდარტი“,  რომელსაც წარმოადგენს „პისიარ“ ტექნოლოგია, უფრო ფართოდ უნდა იყოს ხელმისაწვდომი  კლინიკებისა და მოსახლეობისთვის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო მუშაობს, მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

„დაავადებათა კონტროლის ცენტრს გვაქვს მარაგი ტესტებისა, რომლითაც ვაწარმოებთ რთული მოლეკულური ტექნოლოგიებით კვლევას. არც ერთ შემთხვევაში ტესტზე უარი არ თქმულა იქ, სადაც საჭიროა და როცა ტესტირებისთვის მოთხოვნა ჯდება დღევანდელი შემთხვევის განსაზღვრის სტანდარტში. ყველას უტარდება ეს, მაგრამ გასაგებია, რომ მოსახლეობისგან უფრო მეტია მოთხოვნა და ამასთან დაკავშირებით ინტენსიურად ვმუშაობთ, რომ ქვეყანას გარდა „პისიარტექნოლოგოებისა, ჰქონდეს კიდევ ის ახალიც, რომელიც ყოველდღიურად ჩნდება მსოფლიოში, ეს გახლავთ სწრაფი  ტესტები, როგორც ანტიგენზე დამყარებული, ისე ანტისხეულზე. ამასთან დაკავშირებით სერიოზული მუშაობა მიდის, რომ სწრაფად იყოს ქვეყანაში რეგისტირებული და შემოტანილი აღნიშნული ტესტები“, – აღნიშნა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა.

როგორც მან განმარტა, დღეს, შეხვედრაზე დამსწრე ექსპერტებთან ამ საკითხებზე კონსენსუსი იქნა მიღწეული, მათ შორის, რამდენიმე კერძო ლაბორატორიის წარმომადგენლებთან.

„ჯანდაცვის სამინისტრო მათ ყოველმხრივ შეუწყობს ხელს, რათა სწრაფი რეჟიმით მოხდეს ქვეყანაში იმპორტირება და ისინი უფრო ხელმისაწვდომი გახდეს სამედიცინო ქსელში. ხაზს ვუსვამ, სამედიცინო ქსელში, რამეთუ ტესტის გაკეთება ბევრ ქვეყანაში, თუნდაც აშშ-ში, ექვემდებარება რეცეპტის გამოწერას, ანუ ტესტი ტარდება ექიმის რეცეპტის მიხედვით. ტესტი უნდა ჩაუტარდეს მას, ვისაც ექიმი ჩათვლის საჭიროდ, რომ უნდა გაიტესტოს.

ხაზს ვუსვამ, დღეს საქართველოში არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, სადაც საჭირო იყო ტესტის ჩატარება და არ ჩატარებულიყო. ამის რესურსი ქვეყანას აქვს, მაგრამ ეს კიდევ უფრო უნდა გაფართოვდეს და ამაზე შეთახმება შედგა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.