ამირან გამყრელიძე - შესამჩნევად სტაბილურდება ეპიდვითარება, თუმცა ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, ახლა მნიშვნელოვანია დაკვირვება სკოლებზე, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, დადებითობის მაჩვენებლის, ასევე საშუალო ინციდენტობის გათვალისწინებით, ბოლო ორი თვის განმავლობაში ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება შესამჩნევად სტაბილურდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
თუმცა, გამყრელიძე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა.
„კი, ინციდენტობა, 7-დღიანი, 14-დღიანი, დადებითობის მაჩვენებელი, საწოლთა დატვირთვის მაჩვენებელი, ყოველდღიური სიკვდილიანობა – ყველა ეს ინდიკატორი დადებითი დინამიკით ხასიათდება, მაგრამ არავითარი დამშვიდების საფუძველი არ არის, რადგან ყოველდღიურად 300-400-500 შემთხვევა საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი, არ არის 5 000 შემთხვევა, ანუ ათჯერ არის შემცირებული ნოემბერთან მიმართებაში, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძის თქმით, კვლავ მნიშვნელოვანია არსებული რეკომენდაციების გათვალისწინება.
„განსაკუთრებით ახლა მნიშვნელოვანი იქნება დაკვირვება სკოლების გახსნასთან დაკავშირებით დიდ ქალაქებში. მოგეხსენებათ, ეს მობილობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტიმულია და უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ჩვენ გავტესტეთ 49 777 პედაგოგი და მხოლოდ 0.2 პროცენტია დადებითი მაჩვენებელი“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.