ამირან გამყრელიძე - ვაქცინებთან დაკავშირებით უკვე გვქონდა წინასწარი მოლაპარაკება ერთ-ერთ გლობალურ კომპანიასთან, თუ ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება, დარწმუნებული ვარ, საქართველოსაც ექნება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ აღნიშნავს, რომ საქართველო ერთ-ერთ გლობალურ კომპანიასთან მოლაპარაკებას აწარმოებს.
გამყრელიძე კომპანიის სახელწოდების დასახელებისგან თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ ეს არის კომპანია, რომელთანაც ევროპის ბევრი ქვეყანა მართავს მოლაპარაკებას.
გამყრელიძის განმარტებით, თუ ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება, დარწმუნებულია, ის საქართველოსაც ექნება.
„ვაქცინებთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა უკვე წინასწარი მოლაპარაკება ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ჯგუფთან, რომლის ვაქცინაც ვერ გეტყვით ყველაზე საიმედოდ, მაგრამ მისი პრაქტიკაში დანერგვა უფრო ადრეულ ეტაპზეა მოსალოდნელი, ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ამ ჯგუფთან. არ დავასახელებ სახელს, რომ მიკერძოებაში არ ჩამომერთვას, ერთ-ერთ გლობალურ კომპანიასთან, რომელთანაც ევროპის ბევრი ქვეყანა აწარმოებს ასევე მოლაპარაკებას. თუ ეს ვაქცინა იქნა ხელმისაწვდომი, დარწმუნებული ვარ, საქართველოსთვისაც იქნება“,- განაცხადა გამყრელიძემ.