ამირან გამყრელიძე - საქართველოში ვაქცინების დანერგვის გეგმის პირველი დრაფტი ორშაბათს იქნება, ვმუშაობთ ყველა ვერსიაზე
მე ჩემი ვარაუდები მაქვს, როდის მივიღებთ ვაქცინას, მაგრამ არ მინდა, ღია ეთერში ვთქვა და მერე არ შესრულდეს, – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, არის თუ არა იმის ალბათობა, რომ საქართველომ სამი მაღალეფექტური ვაქცინიდან ერთ-ერთი მარტამდე მიიღოს.
„ორშაბათს იქნება საქართველოში ვაქცინების დანერგვის გეგმის პირველი დრაფტი. ჩვენ ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ. მოგეხსენებათ, მსოფლიოში აცრა ოთხი ვაქცინით მიმდინარეობს. ჩვენ მივიღებთ იმ ვაქცინას, რომელსაც „კოვაქს“ პლატფორა დაამტკიცებს და რომლის დასტურს ჯანმო მისცემს“, – განაცხადა გამყრელიძემ.
გადაცემის წამყვანის თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, მოგვცემს თუ არა 700 000 ადამიანის აცრა იმის საშუალებას, რომ ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდეთ, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ეს მოსახლეობის 20%-ია და სერიოზული რაოდენობაა, მაგრამ რა თქმა უნდა, არასაკმარისი საზოგადოებრივი იმუნიტეტის შესაქმნელად.
„ამას დაახლოებით 60% სჭირდება. როგორც ჩვენ ვანგარიშობთ, დღეს ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით 15%-ს ეს ინფექცია გადატანილი აქვს და მათ გარკვეული იმუნიტეტი აქვთ, მაგრამ ჯერ არავინ იცის, ეს იმუნიტეტი რამდენი ხნის განმავლობაში გრძელდება. როგორც ამბობენ, ბოლო მონაცემებით, რვა თვე მაინც გრძელდება და რეკომენდებულია, ეს ხალხი მაინც აიცრას, მაგრამ არა პირველ რიგში. საზოგადოებრივი იმუნიტეტი რომ შეიქმნას, დაახლოებით 60% მაინც უნდა იყოს იმუნური ფენა, ანუ გადატანილი და პლუს აცრილი. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ 700 000-ზე არ შევჩერდებით. დიდი იმედი მაქვს, ბილატერალური გზებით რამდენიმე ასეულ ათას დოზას მოვიპოვებთ, სანამ „კოვაქს“ პლატფორმა ამუშავდება, მაგრამ ეს შემდგომაც გაგრძელდება. ჩემი გათვლებით, წლის პირველ ნახევარში, მსოფლიოში სადღაც, ათამდე მოქმედი ვაქცინა იქნება“, – განაცხადა გამყრელიძემ.
გადაცემის წამყვანის, თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, როგორი იქნება ქვეყანაში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი იანვრის ბოლოს იმ მექანიზმების არსებობის შემთხვევაში, რითაც საქართველო „კოვიდ-19“-ის გავრცელებას დღეს ებრძვის, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ვარაუდი რთულია, მაგრამ თუ შეზღუდვები და რეგულაციები კარგად შევასრულეთ, იანვრის ბოლოს ამ შეზღუდვების ფონზე კარგი იქნება, თუ 1 000-1 500-ის ფარგლებში ვიქნებით, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ამას თავისუფლად აუვა.
„საქართველოსთვის პროგნოზს აკეთებს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტიტუტი – სიეტლის უნივერსიტეტის „ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტი“, რომელსაც ძალიან დეტალურ ინფორმაციას ვაძლევთ. მათი პროგნოზებით, თუ იანვრის ბოლოს შემზღუდველი ღონისძიებები შევინარჩუნეთ, არა იმ დოზით, რაც დღეს არის, მაგრამ პირბადის ტარების მაჩვენებელი 95%-მდე ავწიეთ და დავიცავით რეკომენდაციები – რომ მოვახდინოთ დისტანცირება, არ მოვაწყოთ თავყრილობები, დიდი ქელეხები, დაბადების დღეები, ქორწილები, ქეიფები და ა.შ, სადღაც აპრილისთვის დღიური მაჩვენებელი 100-150 შემთხვევაზე უნდა ჩამოვიდეს. ეს ის არის, რითაც ამ ვირუსთან თანაცხოვრება არ გაგვიჭირდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.