ამირან გამყრელიძე - საქართველოში საკარანტინო ზონებმა ძალიან გაამართლა, აქ დაახლოებით 120-მდე ახალი შემთხვევა დავაფიქსირეთ, რამაც შეკავების ფაზაში სერიოზული როლი ითამაშა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მსოფლიოს ქვეყნებთან შედარებით ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით საქართველოში უკეთესი მდგომარეობაა, თუმცა ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა.
ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს საქართველოში ეპიდვითარების შესახებ მონაცემები გააცნო.
„ამ მხრივ, ჩვენ გამოვიყურებით ასე ვთქვათ გარკვეულ მუნძულად, ამ ეტაპამდე მთელ ამ სივრცეში, რაც კარგია, მაგრამ ეს არ გვაძლევს არავითარი დამშვიდების საფუძველს. დღევანდელი რიცხვით საქართველოში გამოკვლეულია 45 707 შესაძლო შემთხვევა. მხედველობაში მაქვს მხოლოდ მოლეკულური კვლევები. აქედან დადასტურებულია 723. ამ 723-დან აქტიური შემთხვევა, დღეს ვინც მკურნალობს, არის 216. გამოჯანმრთელება გვაქვს 495, ანუ 68 პროცენტია გამოჯანმრთელება, რაც კარგი ინდიკატორია, რომ ჩვენთან გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა უკვე სერიოზულად გადააჭარბა და ბოლო 10 დღის ეპიდემიოლოგიური მონაცემები გვაძლევს, რომ ყოველდღიურად გამოჯანმრთელებულთა რიცხვი აჭარბებს ახლადინფიცირებულთა რაოდენობას, რომელიც ასევე პროგნოზულად გარკვეულად დამაიმედებელი ინდიკატორია.
დღევანდელი დილით გვყავს ორი ახლად დადასტურებული შემთხვევა. ერთი უკავშირდება თეთრიწყაროს კლასტერს. მოგეხსენებათ, ყველაზე დაზიანებული რეგიონი გვაქვს ქვემო ქართლის რეგიონი, კერძოდ, ბოლნისი, მარნეული და თეთრიწყარო. ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა გვაქვს ბოლნისის მუნიციპლაიტეტში, შემდეგ მოდის თეთრიწყარო და მარნეული. ერთი შემთხვევა უკავშირდება თეთრიწყაროს კონტაქტის კონტაქს და ერთი გვაქვს საკარანტინო ზონიდან“,- განაცხადა გამყრელიძემ.
ამასთან, ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ საქართველოში საკარანტინო ზონებმა ძალიან გაამართლა.
„საკარანტინო ზონებმა ძალიან გაამართლა ქვეყანაში, ჩვენ საკარანტინო ზონებში დაახლოებით 120-მდე ახალი შემთხვევა დავაფიქსირეთ, ამით პრევენცია გავუკეთეთ ამ შემთხვევების შემდგომ დისტრიბუციას საზოგადოებაში, ამან შეკავების ფაზაში სერიოზული როლი ითამაშა“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.