ამირან გამყრელიძე - საქართველოში პირბადის და პირადი დაცვის საშუალებების დეფიციტი არ არის
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში პირბადის და პირადი დაცვის საშუალებების დეფიციტი არ არის, ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტრს ამჟამად ნახევარი მილიონამდე „პისიარ“ ტესტის მარაგი აქვს.
„რამდენადაც ვიცი, არც პირბადის და არც პირადი დაცვის საშუალებების დეფიციტი არ არის, ამის წარმოება უკვე საქართველოშიც ხდება, ამიტომ კლინიკებს ის აქვთ. მაქვს ინფირმაცია, რომ სტრატეგიულ მარაგში, სამინისტროსაც შესაბამისი მარაგი უდევს, ისევე როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრს ამჟამად დაახლოებით ნახევარი მილიონი „პისიარ“ ტესტის მარაგი გვაქვს“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძემ ისაუბრა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებითაც.
„ბევრი კომპანია მუშაობს ისეთ ვაქცინებზე, რომლებიც არის პირდაპირ ე.წ. შპრიც დოზებში და ამას არავითარი შპრიცი და ნემსი არ სჭირდება. როცა მოახლოვდება ის, დრო, როცა ვაქცინა უკვე გამოსაყენებლად იქნება დაშვებული სხვადასხვა მარეგულირებლების მიერ, ეს შეიძლება იყოს გვიანი პერიოდი ამ წლის ან უფრო დიდი ალბათობით მომავალი წლის პირველი კვარტალი, რა თქმა უნდა, მანამდე დიდი ხნით ადრე გვეცოდინება, ეს ვაქცინა არის ჩამოსხმული ფლაკონებში, შპრიცდოზებში, თუ ასე შემდეგ და შესაბამისი მარაგები უნდა შეიქმნას“, – განაცხადა გამყრელიძემ.