ამირან გამყრელიძე - საქართველოში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, პანიკის საფუძველი არ არის, მაგრამ სერიოზული მზადებაა
საქართველოში ახალი კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა, პანიკის საფუძველი არ არის, მაგრამ ქვეყანაში ამასთან დაკავშირებით სერიოზული მზადებაა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელძემ განაცხადა.
მისი თქმით, ვირუსის პრევენციის საკითხებში ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება.
„საქართველოს რაც შეეხება, ჩვენთან ჯერჯერობით ინფიცირებული არ დაფიქსირებულა. პანიკის საფუძველი არ არის, მაგრამ სერიოზული მზადება არის ქვეყანაში. ამ ვირუსთან ბრძოლა არ გახლავთ მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს ვალდებულება. ამ ბრძოლაში ჩართულია რამდენიმე უწყება, შემოსავლების სამსახური, საბაჟო, ფინანსთა, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები, რომლებთანაც მიმდინარეობს კოორდინირებული მუშაობა. დღემდე, საქართველოში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული. საზღვრებზე მიმდინარეობს თერმოსკრინინგი, დისტანციურად იზომება ტემპერატურა“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში, გამოყოფილია ოთხი ინფექციური საავადმყოფო ქვეყნის მასშტაბით. ამასთან, მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია ყველა სასაზღვრო პუნქტზე.
ამირან გამყრელიძის თქმით, ორ ჩინელ ტურისტს, რომლებიც ბათუმში იმყოფებოდნენ და მათზე დაკვირვება ხორციელდებოდა, კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.
„გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ბათუმში ორ ჩინელს აღმოაჩნდა კორონავირუსი, რაც არ დადასტურდა ლაბორატორიულად. მხოლოდ 37 გრადუსი იყო პირველ დღეს ტემპერატურა და მეორე დღეს ნორმაში იყო. მოგეხსენებათ, დღეს 37 გრადუსი სიცხედ არ მიიჩნევა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამასთან, მისი თქმით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსების შემთხვევების საკმაოდ სწრაფი ზრდა ფიქსირდება. გარდაცვლილია 170 ადამიანი.
„31 დეკემბრიდან დაავადების ექსპორტი მოხდა 16 ქვეყანაში. მიუხედავად საკმაოდ სერიოზული ღონისძიებისა, რასაც ჩინეთის მთავრობა ახორციელებს, დაავადების მაინც ხდება ექსპორტი. 7 700 შემთხვევიდან 98 პროცენტი კონცენტრირებულია ძირითადად ჩინეთში, ხოლო დანარჩენი რამდენიმე ქვეყანაში“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა.
ამასთან, მისი თქმით, დღეს ჟენევაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტის სხდომა გაიმართება, სადაც ცნობილი გახდება გადაწყვეტილება, როგორი უნდა იყოს გლობალური პასუხი ვირუსზე.