ამირან გამყრელიძე - საქართველოში ინფიცირებულების 67 პროცენტია გამოჯანმრთელებული, რაც კარგი მაჩვენებელია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით ეპიდემიოლოგიური ვითარება უკეთესია, თუმცა ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა.
მისივე თქმით, ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 713-ს შეადგენს, ხოლო ინფიცირებულების 67 პროცენტი გამოჯანმრთელებულია, რაც კარგი მაჩვენებელია.
„საქართველოში დღევანდელი დილის მონაცემებით, გვაქვს 713 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა 42 408 გამოკვლეული ადამიანიდან. ზოგადად, „პისიარ“ ტესტირება ქვეყანაში ჩატარებულია 45 000-მდე, აქედან დაახლოებით 3000 არის განმეორებითი ტესტირებები, როდესაც ადამიანები ეწერებიან. პროტოკოლით ორჯერ უნდა გაკეთდეს გაწერიის წინ 24 საათში ტესტირება და შემდეგ ასევე დადგენილია, რომ კარანტინიდან მე-13, მე-14 დღეს. რაც შეეხება გაწერას, ქვეყანაში 475 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ეს არის 67 პროცენტი მთლიანად ინფიცირებულებისა,რომელიც პრინციპში კარგი მაჩვენებელია. სამწუხაროდ, გვაქვს სიკვდილიანობის 12 შემთხვევა. ეს არის 1.68 პროცენტი“,- განაცხადა გამყრელიძემ.
ამასთან, გამყრელიძე ამბობს, რომ საგრძნობლად არის გაზრდილი ლაბორატორიული კვლევები.
„გუშინ დილის 9:00 საათის მონაცემებით ლაბორატორიებში 1773 ტესტირება ჩატარდა “,- დასძინა გამყრელიძემ.