ამირან გამყრელიძე - საქართველოში ეპიდსიტუაცია მართვადია, რაც განხორციელებული ღონისძიებების შედეგია, მათ შორის არის ფრენების შემცირება, ყველაფრის უცბად გახსნა არ შეიძლება
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გასაკვირი არაფერია იმაში, რომ საერთაშორისო რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვა 30 სექტემბრის ჩათვლით გახანგრძლივდა.
გამყრელიძის თქმით, ევროპაში ფრენების მობილობა დაახლოებით 60-70 პროცენტით არის შემცირებული.
გამყრელიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში ეპიდსიტუაცია მართვადია და ეს სწორედ ბოლო თვეების განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების შედეგია.
„მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში მიმოსვლა გაზრდილია, რამდენიმე რეგულარული ფრენა აღდგენილია. მთლიანად ევროპაში ფრენის მობილობა დაახლოებით 60-70 პროცენტით არის შემცირებული. ამიტომ ამაში არაფერი გასაკვირი არ არის. ჩვენ ჯერჯერობით ვმართავთ სიტუაციას, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია მართვადია და ეს სწორედ შედეგია იმ ღონისძიებების, რაც ქვეყანამ განახორციელა ბოლო თვეების განმავლობაში, მათ შორის ერთ-ერთია სწორედ ფრენების მაქსიმალურად შემცირება. მესმის, შესაძლებელია, ეს ადამიანებისთვის გარკვეული დისკომფორტია, მაგრამ საჭიროა, რათა თავიდან ავიცილოთ ქვვეყანაში ინფექციის ფართომასშტაბიანი გავრცელება. ხედავთ, რომ შემთხვევები ყოველდღიურად ოდნავ მომატებული გვაქვს. 10-15-13 შემთხვევა არაფერია, ეს იყო პროგნოზირებადი, რომ შემსუბუქების პოლიტიკის დროს, შესაძლებელი იყო შემთხვევების ზრდა. ეს შემთხვევები ჯანდაცვის სექტორის მიერ, საკმაოდ კარგად იმართება, მაგრამ უცბად ყველაფრის გახსნა არ შეიძლება. ამიტომ ვფიქრობ, საკმაოდ სწორი გადაწყვეტილებაა, რომ, ასე ვთქვათ, საზღვრების ფართომასშტაბიანი გახსნა 30 სექტემბრამდე გადავადდა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.