ამირან გამყრელიძე - საქართველოს სამედიცინო პერსონალი, ექიმები მაქსიმალურად ეცდებიან, რომ ფატალური შემთხვევები მინიმუმამდე იყოს
ამირან გამყრელიძე - საქართველოს სამედიცინო პერსონალი, ექიმები მაქსიმალურად ეცდებიან, რომ ფატალური შემთხვევები მინიმუმამდე იყოს

საქართველოს სამედიცინო საზოგადოება, ექიმები და სამედიცინო პერსონალი მაქსიმალურად ეცდებიან, რომ საქართველოში ფატალური შემთხვევები მინიმუმამდე იყოს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დაფიქსირების პირველი შემთხვევის შემდეგ დღეს სამწუხაროდ გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა.

„მაქსიმალურად ვეცადეთ, ქვეყანაში პირველი შემთხვევიდან, 26 თებერვლიდან არ ყოფილიყო გარდაცვალების შემთხვევა, მაგრამ ეს მოსალოდნელი იყო და სამწუხაროდ, ეს დღეს დილით დადასტურდა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, მისი თქმით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან ოთხი მართვით სუნთქვაზეა, 23-ს კი პნევმონია აქვს.

„გვყავს ოთხი პაციენტი, ვინც არის მართვით სუნთქვაზე. გვყავს ავადმყოფები, რომელთაგან 23 აქვს პნევმონია. იმედი მაქვს, პნევმონიით ყველა ავადმყოფი გამოჯანმრთელდება და ასე როგორც შევძელით, რამდენიმე შემთხვევაში მართვითი სუნთქვიდან მოხსნა და გამოჯანმრთელება, მაქსიმალურად საქართველოს სამედიცინო საზოგადოება, ექიმები და სამედიცინო პერსონალი ეცდებიან, რომ საქართველოში მინიმუმამდე იყოს ფატალური შემთხვევები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.