ამირან გამყრელიძე - საქართველოს დღეიდან აქვს საშუალება, ადგილზე მოხდეს კორონავირუსის გამოკვლევა და დიაგნოსტირება
ამირან გამყრელიძე - საქართველოს დღეიდან აქვს საშუალება, ადგილზე მოხდეს კორონავირუსის გამოკვლევა და დიაგნოსტირება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსული ინფექციის ლაბორატორიულად დადასტურებული არც ერთი  შემთხვევა არ არის.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, დაკვირვების ქვეშ რჩება ოთხი ადამიანი.

„განსაკუთრებული ყურადღება იყო ორ ადამიანზე. ერთი მათ შორის, ნამყოფია ქალაქ უხანში. გასულ პარასკევს ჩვენთან ჩატარდა კვლევები 22 რესპირატორულ ვირუსზე, ყველაზე პასუხი იყო უარყოფითი და შემდეგ ჩაითვალა საჭიროდ, რომ მათ ანალიზები გადაგზავნილიყო ევროპის ერთ-ერთ რეფერალურ ლაბორატორიაში, კერძოდ როტერდამში. უკვე გვაქვს პასუხები, რომ ორივე შემთხვევაში უარყოფითია პასუხი. ეს პასუხი დღეს დილით ასევე გადამოწმდა ლუგარის ცენტრში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, საქართველოში გუშინ ღამით გერმანიის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტიდან ჩამოვიდა დამატებითი ტესტები, რომელიც საჭიროა კორონავირუსის ლაბორატორიული დიაგნისტირებისთვის.

„ქუთაისიდან პირდაპირი რეისით მასალა გუშინ ღამით თბილისში ჩამოიტანეს, ჩვენი თანამშრომლები ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და ეს ორი ადამიანი პარალელურად გავოიკვლიეს თბილისშიც. დღეიდან შემიძლია თამამად გითხრათ, რომ საქართველოსი აქვს საშუალება, ადგილზე სრულად მოხდეს კორონავირუსის გამოკვლევა და დიაგნოზი იყოს დადასტურებული ან უარყოფილი“, – განაცხადა გამყრელიძემ.