ამირან გამყრელიძე - საპანიკო არაფერია, ქვეყანაში ეპიდვითარება არის მართვადი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლს ექვემდებარება და საგანგაშო არაფერია.
„საგანგაშო და საპანიკო არაფერია, სიტუაცია მართვადია. ხდება ადრეულ ეტაპზე ყველა შემთხვევის იდენტიფიცირება და შემდგომ კარანტინიზაცია ან საავადმყოფოში გადაყვანა. ამავე დროს, გრძელდება გაფართოებული ტესტირება მესტიის მუნიციპალიტეტში. გუშინ და გუშინწინ უმრავლესობას დაუმთავრდა საკარანტინო სივრცეში ყოფნის 12 დღე“, – განაცხადა გამყრელიძემ და განმარტა, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში ტესტირება სულ 1052 პირს ჩაუტარდა.
„აქედან არიან როგორც საკარანტინო ზონებში მყოფი, ისე ლენჯერში მყოფი პირები, მაგრამ ცუდი ამინდის გამო, გუშინ ლენჯერის სრული მოსახლეობის ტესტირება ვერ მოხერხდა და დღეს გაგრძელდება. ასევე გრძელდება ტესტირება ბათუმის ბულვარსა და ქობულეთში, სადაც ჯერჯერობით ყველა პასუხი უარყოფითია. 180-მდე ნიმუშია გატესტილი შეკვეთილში, ქობულეთსა და ბათუმში, აქედან ვიცით 82-ის პასუხი და ამ ეტაპზე ყველა უარყოფითია“, – განუცხადა გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს.
საქართველოში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ახალი შემთხვევებიდან 11 მესტიის მუნიციპალიტეტს უკავშირდება.