ამირან გამყრელიძე სამედიცინო პერსონალს სთხოვს, ინფექციის კონტროლის ღონისძიებები დაიცვან და შესაბამის რეკომენდაციებს გაეცნონ
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე სამედიცინო პერსონალს ინფექციის კონტროლის ღონისძიებების დაცვისა და შესაბამისი გაიდლაინების გაცნობისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ მან დღეს „ფეისბუქლაივში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში სამედიცინო პერსონალის კორონავიურისთ ინფიცირების რამდენიმე შემთხვევა უკვე დაფიქსირდა.
„ჩვენ გვაქვს უკვე რამდენიმე შემთხვევა, 10 ექიმის, იყო კლინიკები, იყო სასწრაფოში, ამბულატორიაში. მინდა, ძალიან ვთხოვო ჩემს კოლეგებს, ექიმებს, ექთნებს, უმცროს სამედიცინო პერსონალს, ერთადერთი პრევენციული საშუალება ამისა, გახლავთ ინფექციის კონტროლის ღონისძიებების დაცვა. ინფექციის კონტროლის გაიდლაინი, რომელიც შემუშავებულია დაავადებათა კონტროლის ცენტრში, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის დამტკიცებული, მითითებები ინფექციის კონტროლთან დაკავშირებით სამედიცინო, არასამედიცინო დაწესებულებებში, ყველაფერი ეს, რამდენიმე ოცეული მეთოდური რეკომენდაციაა შემუშავებული, რომელიც ჩვენს ვებგვერდზე დევს. აუცილებელია, ამას გავეცნოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.