ამირან გამყრელიძე - საინფორმაციო ტექნოლოგიებთან მუშაობის კულტურა, სამწუხაროდ, მოიკოჭლებს, მაგალითად, დედებისთვის გვაქვს იმუნიზაციის აპლიკაცია, თუმცა მცირე რაოდენობა სარგებლობს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აიტი ტექნოლოგიების ფართოდ გამოყენების კულტურის კუთხით საქართველოში პრობლემაა.
გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის დაავადების მართვის ერთ-ერთი საშუალება სწორედ განვითარებული აიტი ტენოლოგიებია.
„საინფორმაციო ტექნოლოგიებით ისეთმა განვითარებულმა ქვეყნებმა, როგორიცაა სინგაპური, კორეა, ესტონეთი – ჩვენი ახლო მოკავშირე, გერმანიამ ახლა ახალი აპლიკაცია შექმნა. სულ უფრო და უფრო იხვეწება. ამ აპლიკაციების ეფექტი დამოკიდებულია საზოგადოებაში საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების კულტურაზე.
ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს, სამწუხაროდ, უჭირს ამ აპლიკაციების გამოყენება, თორემ მისი ეფექტი საკმაოდ დიდია. ვისაც კეთილსინდისიერად შეჰყავს აპლიკაციაში მონაცემები, რომ ინფიცირებული იყო, შემდგომ კავშირის მთელი სისტემებია, როცა ინფიცირებული გაივლის ან სადმე არის, ის ადგენს, ვინ იყო მასთან ახლო კონტაქტში. ეს, რა თქმა უნდა, დამატებითი ინფორმაციაა ეპიდემიოლოგებისთვის, რომ განსაკუთრებით დიდი გავრცელების დროს, სწრაფად მოახდინოს იდენტიფიცირება კონტაქტში მყოფი ადამიანების და გაიცეს მათთვის სწრაფი იზოლაციის რეკომენდაცია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძემ აიტი ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენების კუთხით არსებული პრობლემის ერთ-ერთ მაგალითად დაასახელა იმუნიზაციის აპლიკაცია, რომელიც დაახლოებით 4 წლის წინ შეიქმნა. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, აპლიკაცია მშობელს აწვდის ინფორმაციას, რაზე და როდის უნდა აიცრას მისი შვილი. თუმცა, გამყრელიძის თქმით, აპლიკაციით სარგებლობა მცირეა.
„ეს თანდათანობით უნდა დავხვეწოთ, ამაზეა დღეს ბევრი რამ დამყარებული. მე ხშირად მომყავს ერთი მაგალითი – ჩვენ დაახლოებით ოთხი წლის წინ შევქმენით ძალიან მნიშვნელოვანი აპლიკაცია, იმუნიზაციის აპლიკაცია. ყველა დედისთვის, ვინც იმშობიარებს, არის რკომენდაცია, ჩამოტვირთოს ეს აპილკაცია, შეიყვანოს თავისი შვილის დაბადების დღე, წელი. ის აპლიკაცია აძლევს ინფორმაციას საქართველოში არსებულ იმუნიზაციის კალენდარზე, ანუ რაზე უნდა აიცრას ბავშვი და ახსენებს, რომ შენ დღეს უნდა მიიყვანო პოლიოს აცრაზე, ხვალ უნდა მიიყვანო ბე ჰეპატიტის აცრაზე.
გავაკეთეთ ეს აპლიკაცია დაახლოებით ოთხი წლის წინ, ამის დიდი ადვოკატირება იყო. საქართველოში წელიწადში გვაქვს 50 000-დან 55 000-მდე მშობიარობა. არ გაინტერესებთ რამდენმა ჩამოტვირთა? 1000-მა. ანუ, საინფორმაციო ტექნოლოგიებთან მუშაობის კულტურა, სამწუხაროდ, მოიკოჭლებს. გვაქვს ვთქვათ თამბაქოს თავის მინებების აპლიკაცია. საკმაოდ კარგი აპლიკაციაა, სარგებლობა ნაკლები“, – განაცხადა გამყრელიძემ.