ამირან გამყრელიძე - საერთაშორისო პუბლიკაციები მიუთითებს, რომ მეშვიდე, მერვე, მეცხრე დღიდან ადამიანი კოვიდინფექციის გადამდები აღარ არის
საერთაშორისო პუბლიკაციები მიუთითებს, რომ მეშვიდე, მერვე, მეცხრე დღიდან ადამიანი კოვიდინფექციის გადამდები აღარ არის, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მერვე დღეს პირს ჩაუტარდება „პისიარ“-ტესტირება და თუ უარყოფითი პასუხი იქნება, ის კარანტინიდან გავა, მაგრამ ვალდებულება აქვს, რომ მე-12 დღეს ამბულატორიულ პირობებში ჩაიტაროს პისიარტესტირება.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ვაანალიზებთ ჩვენს ბაზას. ვიცით ხოლმე, დაახლოებით რომელ დღეს ხდება ინფიცირება, რომელ დღეს არის გადამდები და ეს არის საერთაშორისო სტანდარტი. ბოლო ოთხი დღის განმავლობაში, ოთხი სექტემბრიდან მოყოლებული, გერმანულენოვან პრესაში აქტიურად განიხილება, რომ ინფიცირებიდან ხუთი დღის შემდეგ, ვირუსი სერიოზულად დასუსტებულია. ეს არის მისი დაკვირვებები. საერთაშორისო პუბლიკაციები მიუთითებს, რომ დაახლოებით მეშვიდე, მერვე, მეცხრე დღიდან ადამიანი გადამდები აღარ არის. კლასიკურად, ინკუბაციის ვადა იყო ორიდან 14 დღემდე, თუმცა ჯანმო იქვე გეუბნება, რომ ქვეყანამ თვითონ უნდა დაადგინოს თარიღი, ვადა, ე.წ. საკარანტინო თუ თვითიზოლაციის დღეები. ბევრ ქვეყანას აქვს 10 დღე, ბევრ ქვეყანას აქვს 12, ზოგს აქვს 14. საკოორდინაციო საბჭოზე განხილულ იქნა საკითხი და გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ტესტირების ფონზე, რვა დღემდე კარანტინის ჩამოსვლისა. რაც ნიშნავს, რომ მერვე დღეს ადამიანს უკეთდება „პისიარ“-ტესტირება. თუ უარყოფითია, ის გადის კარანტინიდან, მაგრამ ვალდებულება აქვს, რომ მე-12 დღეს ამბულატორიულ პირობებში ჩაიტაროს „პისიარ“-ტესტირება და შემდეგ ისე განაგრძოს თავისი მოძრაობა“, – განაცხადა გამყრელიძემ.