ამირან გამყრელიძე - საბჭომ შემსუბუქებებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო, გადავდივართ ეტაპზე, როცა უფრო აქტიურად უნდა ვიყოთ და ვირუსთან ერთად ცხოვრება ვისწავლოთ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემსუბუქებებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები ცხადყოფს, რომ ქვეყანა ახალ ეტაპზე გადადის. მისივე თქმით, ეს გულისხმობს ვირუსთან ერთად აქტიურ ცხოვრებას.
„საბჭომ შემსუბუქებებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო. ჩვენ გადავდივართ იმ ეტაპზე, როცა უფრო აქტიურად უნდა ვიყოთ და ვირუსთან ერთად თანაცხოვრება ვისწავლოთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონის“ შემთხვევაში დაავადება შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, ამან ადამიანები არ უნდა გაათამამოს. მისივე თქმით, მთავარი რეკომენდაციის დაცვა – პირბადის ტარება და ვაქცინაცია კვლავაც აუცილებელია.
როგორც გამყრელიძე ამბობს, ვაქცინაციის კუთხით მაჩვენებელი მაღალი თუ იქნება, სამეცნიერო წრეებში გაჩნდა იმედი, რომ „ომიკრონის“ შემდეგ კორონავირუსის ახალი აგრესიული შტამი აღარ უნდა წარმოიქმნას.
„ომიკრონი“ შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ ეს არავითარი მოდუნების და თვითდამშვიდების საბაბს არ გვაძლევს. უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად და დავიცვათ რეკომენდაციები. სამეცნიერო წრეებში დიდი იმედია, რომ თუ აცრის მაჩვენებელი იქნება მაღალი, დიდი ალბათობით ახალი აგრესიული შტამის გაჩენა არ უნდა იყოს მოსალოდნელი. თუ გაჩნდა ახალი შტამი, ის შედარებით მსუბუქი უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, პროგნოზირება ასეთია, მაგრამ ამის მთავარი პირობაა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი იყოს ვაქცინირებული. ამიტომ, კიდევ ერთხელ ყველას მოგიწოდებთ ვაქცინაციისკენ“, – განაცხადა გამყრელიძემ.