ამირან გამყრელიძე - როდესაც კორონავირუსის ვაქცინა დამტკიცდება, ის იქნება ხელმისაწვდომი ჩვენი მოსახლეობისთვის, პირველ რიგში რისკჯგუფებისთვის
საკოორდინაციო საბჭოზე იყო სერიოზული მსჯელობა ვაქცინასთან დაკავშირებით, ჩვენ უკვე გავაკეთეთ ოფიციალური განაცხადი ვაქცინების გლობალურ ალიანსში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, როდესაც კორონავირუსის ვაქცინა დამტკიცდება, შეკვეთილია დაახლოებით 700 ათასი ადამიანის ასაცრელი მასალა.
„შეკვეთილია დაახლოებით 700 ათასი ადამიანის ასაცრელი მასალა, რაც მოსახლეობის 20 პროცენტს მოიცავს, ასე იძლევა ალიანსი. ასევე, გვაქვს კიდევ ორი დედლაინი. 18 სექტემბერს უკვე გაფორმდება ხელშეკრულება და 8 ოქტომბრამდე გადაირიცხება პირველი შენატანი, რომლითაც გარანტირებული იქნება, როდესაც ვაქცინა დამტკიცდება სხვადასხვა მარეგულირებელი ორგანიზაციებისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ის იქნება ხელმისაწვდომი ჩვენი მოსახლეობისთვის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში რისკჯგუფებისთვის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.