ამირან გამყრელიძე - რეზერვიდან დავამატეთ დღეს „სინოფარმის“ 20 000 დოზა და მოქალაქეებს შეუძლიათ, პირველი დოზა დაჯავშნონ, დარწმუნებული ვართ, კვირის ბოლოს შემოვა დამატებითი დოზები
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება უმჯობესდება, თუმცა ნელი ტემპით.
ამირან გამყრელიძე კვლავ ყურადღებას ამახვილებს რეკომენდაციების დაცვაზე.
„ყველა ინდიკატორი, როგორიც არის ახალი შემთხვებების რაოდენობა, დადებითობის მაჩვენებელი, რეპროდუქციის ინდექსი, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გაუმჯობესებულია და ეს დინამიკა გრძელდება. 2 200 შემთხვევა ბევრად ნაკლებია, აღარ არის 4 000-5 000, რაც პიკზე გვქონდა, მაგრამ ესეც კვირის ფენომენია. ხვალ, ზეგ ალბათ მაინც ცოტათი მეტი შემთხვევა გვექნება, მაგრამ დიდი ალბათობით, არ იქნება დიდი მატება. ამიტომ სააჭიროა, დავიცავთ რეკომენდაციები“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ამავდროულად, გამყრელიძის თქმით, გაუარესებულია ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი, რომელიც დღეისთვის 43%-მდეა ჩამოსული.
„პირბადის ტარების მაჩვენებელი როგორმე ავიყვანოთ 80-90%-ზე და მაშინ მარტო პირბადით ჩვენ დეკემბრამდე 200 ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ“, – დასძინა ამირან გამყრელიძემ.
რაც შეეხება ვაქცინაციას, გამყრელიძის ინფორმაციით, „სინოფარმის“ პირველი დოზებისთვის ჯავშნების გაკეთება დღეს უკვე შესაძლებელია.
„მნიშვნელოვანია ამავე დროს ვაქცინაციის ტემპი. დღეს ყველა ვაქცინა არის. „სინოფარმთან“ დაკავშირებით გარკვეული შეფერხება იყო პირველ დოზებზე, ჩვენ რეზერვიდან დავამატეთ დღეს 20 000 დოზა და ამიტომ ადამიანებს შეუძლიათ, პირველი დოზა დაჯავშნონ. დარწმუნებული ვართ, ამ კვირის ბოლოს შემოვა დამატებითი დოზები, ამ თვის განმავლობაში კიდევ იქნება „სინოფარმის“ დამატებითი დოზები“, – განუცხადა ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს.