ამირან გამყრელიძე - რეკომენდაციების შესრულებაზე კონტროლი კიდევ ერთი წელი აუცილებელია, ვიდრე არ აიცრება მოსახლეობის 60-70 პროცენტი და მსოფლიოში პანდემია უკან არ დაიხევს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გასული წლის ნოემბრის ბოლოს დაწესებულმა შეზღუდვებმა შედეგი გამოიღო და ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სტაბილიზაციისკენ მიდის.
ამასთან, როგორც გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას აღნიშნა, ბოლო დღეების განმავლობაში შეინიშნება პირბადის ტარების მაჩვენებლის შემცირება, რაც მისი შეფასებით, არასწორია.
„ხშირად აღვნიშნავთ, რომ დეკემბრის მეორე ნახევრიდან, თანდათან ქვეყანაში სტაბილიზდება სიტუაცია. იმ შემზღუდავმა ღონისძიებებმა, რომელიც ნოემბრის ბოლოს იყო შემოღებული, შედეგი გამოიღო. თან, რა თქმა უნდა მოსახლეობას მადლობა ეკუთვნის, რომ ისინი იცავდნენ და იცავენ იმ რეკომენდაციებს, რასაც ჯანდაცვის სფერო იძლევა. განსაკუთრებით იცით, რომ ნოემბრის შემდეგ, სადღაც 45%-დან, 72%-ზე ავიდა პირბადის ხმარების მაჩვენებელი, მაგრამ ჩვენი სამიზნე იყო 94%. თუმცა ბოლო დღეებში ისევ შეიმჩნევა გარკვეული უკუსვლა, ჩამოვიდა 62-66 პროცენტის ფარგლებში, ანუ ესეც ნიშანია, რომ რაღაცნაირად მოვეშვით. იმიტომ რომ, როცა ჩვენ გამოვდივართ და ვამბობთ, რომ სტაბილიზაციისკენ მივდივართ, დადებითობის მაჩვენებელი მცირდება, ახალი შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე გადათვლით მცირდება ბოლო შვიდი დღის განმავლობაში, ბოლო 14 დღის განმავლობაში და ა.შ., ეტყობა, მაინც საზოგადოებაში რჩება შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი უკვე კარგად არის, არადა არ არის კარგად“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, დადებითობის მაჩვენებლის შემცირების მიუხედავად, პატარა ქვეყნისთვის საკმაოდ დიდია ყოველდღიურად 300-400 შემთხვევა.
„დღეს 35 000-მდე ტესტი ჩატარდა, ბოლო ხუთ თვეში ყველაზე დაბალი დადებითობის მაჩვენებელი 1.07 პროცენტი დაფიქსირდა, ხოლო ორ რეგიონში გვაქვს ერთ პროცენტზე ნაკლები, რაც ძალიან კარგია. აჭარა ინარჩუნებს უკვე ბოლო ერთი თვეა, ერთპროცენტიან დადებითობის მაჩვენებელს, რაც ასევე ძალიან კარგია, მაგრამ მაინც ყოველდღიურად ჩვენ გვაქვს 300-400 ახალი შემთხვევა, რაც პატარა ქვეყნისთვის საკმაოდ დიდია. რა თქმა უნდა, ეს არ არის 5 000 და მეტი, რაც ნოემბერში გვქონდა და 10-ჯერ არის ეს ყველაფერი შემცირებული, მაგრამ ეს ჩვენ დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, რადგან მარტი, აპრილი და მაისის ალბათ პირველი ნახევარიც, სანამ მდგრადი სითბოები არ იქნება, გამწვავების გარკვეული რისკი მაინც იქნება, თუ ჩვენ არ დავიცავით რეკომენდაციები“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ქვეყანაში კორონავირუსის მესამე ტალღასაც არ გამორიცხავს.
მისი თქმით, რეკომენდაციების შესრულებაზე კონტროლი კიდევ ერთი წელი აუცილებელია, ვიდრე არ აიცრება მოსახლეობის 60-70 პროცენტი და მსოფლიოში პანდემია უკან არ დაიხევს.
„მესამე ტალღაც, რა თქმა უნდა, დასაშვებია. ახლა ჩვენ დაღმავალ ტალღაზე ვართ და ეს კარგია, რომ ამ დაღმავალ ტალღაზე სტაბილიზაციის სერიოზული ტენდენციაა, მაგრამ, თუ ჩვენ ისევ მოვეშვით, როგორც ივლის-აგვისტოში მოვეშვით, როცა გვეგონა, რომ დავამარცხეთ კორონავირუსული ინფექცია, დავიწყეთ ისევ 400 და 500-კაციანი ქორწილები და ნადიმები, დავიწყეთ ისევ დიდი შეკრებები, არ ვატარეთ პირბადე, არ დავიცავით დისტანცია და ა.შ., რა თქმა უნდა, რისკი არსებობს. მით უმეტეს, ახლა მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი შეზღუდვა მოიხსნა და შემსუბუქდა. კარგია ეს ქვეყნისთვის, ეკონომიკისთვის, მოსახლეობისთვის, მაგრამ აუცილებელია, რომ ჩვენ კიდევ ერთი წელი აუცილებელია გარკვეული რეკომენდაციების შესრულებასა და აღსრულებაზე კონტროლი გვქონდეს, ვიდრე არ აიცრება მოსახლეობის 60-70 პროცენტი, ვიდრე მთლიანად მსოფლიოში უკან არ დაიხევს პანდემია. მაგრამ მარტო კონტროლიც არაფერს არ იზამს, თუ ჩვენი თვითშეგნება არ ამაღლდა. არა ბატონებო, ჩვენ კორონავირუსული ინფექცია ჯერ არ დაგვიმარცხებია, ის ჩვენთან ერთად არის და კარგა ხანს ჩვენთან ერთად იქნება. ის უნდა დაამარცხოს მთელმა მსოფლიომ ერთად“, – განაცხადა გამყრელიძემ.