ამირან გამყრელიძე - რაც უნდა დაგვაბრალონ, არაფერს ვმალავ, არ ვმალავ, რომ ინფიცირება გაიზრდება, სამაგიეროდ, უკვე ვისწავლეთ ინფექციის უკეთ მართვა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კოვიდსასტუმროებში მყოფი პირები სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ არიან.
რაც შეეხება ბინაზე მყოფ პაციენტებს, გამყრელიძის თქმით, მათ პირველადი ჯანდაცვის ექიმები ყოველდღე ურეკავენ და შემდეგ კითხვარის მიხედვით წყვეტენ, ექვემდებარება თუ არა ესა თუ ის პაციენტი კლინიკაში გადაყვანას.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, არაფერს მალავს. მისი განმარტებით, რეალობაა, რომ ინფიცირების შემთხვევები გაიზრდება, თუმცა ვირუსის მართვა დღეს უკეთაა შესაძლებელი, ვიდრე იყო გაზაფხულზე.
„მოგეხსენებათ, კოვიდ-სასტუმროებში სამედიცინო პერსონალია და პაციენტები ყოველდღიურად ისინჯებიან სამედიცნო პერსონალის მიერ. ხოლო ბინაზე მყოფებთან ხდება დარეკვა. საკმაოდ კარგად გაიშალა ახლა პირველადი ჯანდაცვის ექიმების ჩართულობა ამ ქსელში. ქვეყანაში დაახლოებით 2 500-დან 3000-მდე პირველადი ჯანდაცვის ექიმია. ბინაზე დღეს არის 8 195. ანუ, თითოეულმა ექიმმა დღეში 3-4 ავადმყოფს რომ დაურეკოს, საკმარისია, დაურეკოს, მოიკითხოს, რა აწუხებს და ექიმი წყვეტს კითხვარის მიხედვით, ინფიცირებული ექვემდებარება თუ არა შემდეგ საავადმყოფოში გადაყვანას თუ სახლში დარჩება. არის კრიტერიუმები, ვის ვტოვებთ ბინაზე. რაც გინდა ვიღაცამ დაგვაბრალოს, რომ რაღაცას ვმალავ, ნამდვილად არ ვმალავ. არ ვმალავ იმას, რომ ინფიცირება გაიზრდება, სამაგიეროდ, ჩვენ უკვე ვისწავლეთ ამ ინფექციის უკეთესად მართვა, რაც ნამდვილად არ ვიცოდით გაზაფხულზე და ძალიან გვეშინოდა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.