ამირან გამყრელიძე - ქვეყნის მასშტაბით აღრიცხულია 2 000-ზე მეტი მასწავლებელი, ვინც აჭარაში ისვენებდა, ბოლო სამ დღეში 808 გამოვიკვლიეთ და ეს პროცესი გრძელდება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აღრიცხულია 2 200 მასწავლებელი, ვინც აგვისტოს მეორე ნახევრიდან აჭარაში, შავი ზღვის სანაპიროზე ისვენებდა.
გამყრელიძის თქმით, მიმდინარეობს მათი „პისიარ“ ტესტირება. გამყრელიძე ამბობს, რომ პარასკევს და შაბათ-კვირას ქვეყნის მასშტაბით 808 მასწავლებელი გამოიკვლიეს, მათგან ინფექცია ექვსს დაუდასტურდა.
„დღევანდელი დღით ცხელ წერტილად რჩება აჭარა და სერიოზული ღონისძიებები ტარდება აჭარაში, მხედველობაში მაქვს ადრეულ ეტაპზე ვირუსის გამოვლენა, გაფართოებული ტესტირება. ამავე დროს, ცაგერის მუნიციპალიტეტში, სადაც იცით, რომ გვქონდა 12 შემთხვევა დაკავშირებული თბილისში დიდ საქორწილო ღონისძიებასთან, ჩატარდა ბოლო კვირის განმავლობაში ექვსი სოფლის ინტენსიური გამოკვლევა, სულ 1 107 ნიმუში იქნა გამოკვლეული. ბლოკ-პოსტი დგას და ყველას უტარდებოდა „პისიარ“ ტესტირება. საბედნიეროდ იქ არც ერთი დადებითი შემთხვევა არ გაქვს. ასევე, გურიაში ორ სოფელთან მიმართებაში გვაქვს რამდენიმე მასწავლებლის ინფიცირება, ისიც დაკავშირებული ბათუმთან და ამავე დროს საქორწილო ღონისძიებასთან. ჩვენ მოვუწოდეთ, რომ ყველა მასწავლებელი, ვინც აგვისტოს მეორე ნახევრიდან იმყოფებოდა აჭარის რეგიონში, მიბრძანებულიყო და გამოკვლეულიყვნენ „პისიარ“ ტესტირებით. ასეთი აღირიცხა 2 200 და პარასკევს, შაბათ-კვირას გამოკვლეული იქნა ქვეყნის მასშტაბით 808 მასწავლებელი და ექვს შემთხვევაში დაგვიდასტურდა ინფიცირება. კარგია, რომ ამ პერიოდში სწავლა დაწყებული არ იყო, მოხდა მათი იზოლირება, საავადმყოფოებში გადაყვანა. გრძელდება მასწავლებლების გამოკვლევა. 2 200 მასწავლებელია, ვინც ამ ზაფხულში ისვენებდა აჭარის შავი ზღვის სანაპიროზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.