ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში სახმელეთო გადასასვლელებიდან შემოსულ სატვირთოს მძღოლებს ტესტირება უტარდებათ, რათა თავიდან ავიცილოთ შესაძლო ინფიცირების იმპორტი
ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში სახმელეთო გადასასვლელებიდან შემოსულ სატვირთოს მძღოლებს ტესტირება უტარდებათ, რათა თავიდან ავიცილოთ შესაძლო ინფიცირების იმპორტი

ქვეყანაში სახმელეთო გადასასვლელებიდან შემოსულ სატვირთო ავტომანქანების მძღოლებს ადგილზე სწრაფი ტესტი უტარდებათ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ფეისბუქლაივის“ დროს განაცხადა.

მისივე თქმით, მაქსიმალურად უნდა ავიცილოთ თავიდან, სატვირთოს მძღოლებით შესაძლო ინფიცირების იმპორტი ქვეყანაში.

ამირან გამყრელიძემ დღეს დადასტურებულ 26 ახალ შემთხვევაზე ისაუბრა.

„გვაქვს 26 ახალი შემთხვევა. აქედან 18 უკავშირდება ყველაზე ცხელ წერტილს ქვეყანაში, კერძოდ ბოლნისის მუნიციპალიტეტს და კერძოდ ყველაზე ცხელ წერტილს თვითონ ბოლნისის მუნიციპალიტეტში – ეს არის, სოფელი მუშევანი. პარასკევს ჩვენ მუშევანში გვქონდა დიდი აქცია, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, სადაც თითქმის მთელი სოფელი, 574 ადამიანი იქნა გამოკვლეული და დადასტურდა გუშინ 18 შემთხვევა. აქედან 17 მუშევანიდანაა, ერთი გახლავთ კონტაქტი – სამედიცინო დაწესებულების მძღოლი. ოთხი არის დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, ე.წ. გავრცელებული საბურთალოს კლასტერის სახელით, სადაც ჩვენ გამოვიკვლიეთ გუშინ დაახლოებით 100-მდე კონტაქტი პირველადი ინფიცირებულის და იქიდან დაგვიდასტურდა ოთხი შემთხვევა. დანარჩენი ოთხი შემთხვევა გახლავთ საკარანტინო ზონებიდან. ძალიან მნიშვნელოვანია, საკარანტინო ზონების ჩვენთან აქტიური მუშაობა – ქვეყანაში ყველა შემოსული ადამიანის და განსაკუთრებით, ყველაზე უფრო ცხელი წერტილებიდან, ჩვენი მოსაზღვრე ქვეყნებიდან, 14 დღით კარანტინში მოქცევა და შემდგომ იქ მათი კვლევა. გუშინ კიდევ, დამატებითი ოთხი ასეთი საკარანტინო შემთხვევა გვაქვს დადასტურებული და მათ შორის არის ორი ტრაილერის მძღოლი ისევ საკარანტინო ზონიდან.

პარასკევიდან ყველა ტრაილერის მძღოლს, რომელებიც ქვეყანაში სახმელეთო გადასასვლელებიდან შემოდიან, ადგილზე სწრაფი ტესტი უტარდება. ეს არის სწრაფი ანტისხეულებზე დამყარებული ტესტი კაპილარული სისხლიდან, ანუ, თითიდან და მეორე პარალელურად ნაცხი, რომელიც ასევე სწრაფი ტესტით ისინჯება ანტიგენზე. ეს არ არის „პისიარ“ ტექნოლოგია, ეს არის სწრაფ ტექნოლოგიაზე დამყარებული ტესტი და თუ რომელიმეზე ან საეჭვო, ან დადებითია, მაშინ ადამიანი გადადის საკარანტინო ზონაში. შემდგომ უტარდება „პისიარ“ ტექნოლოგიით კვლევა. ამ მეთოდით კველევები უკვე მოქმედებს ყველა სახმელეთო გადასასვლელზე ქვეყანაში და მაქსიმალურად გვინდა ავიცილოთ თავიდან, სწორედ ტრაილერების მძღოლებით შესაძლო ინფიცირების იმპორტი ქვეყანაში“,- განაცხადა გამყრელიძემ.