ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა მოიმატებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საქართველოში ახალი კორონავირუსის შემთხვევების მატებას არ გამორიცხავს.
როგორც მან კორონავირუსის მართვის საკოორდინაციო კომისიის მორიგი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ქვეყანაში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 15 დადასტურებული შემთხვევაა, თუმცა, გამყრელიძის თქმით, რაოდენობა მოიმატებს, რადგან საქართველო მსოფლიოს ნაწილია, მსოფლიოში კი, ჩინეთის საზღვრებს გარეთ, ინფიცირებულთა რაოდენობამ 24 ათასი შეადგინა, მათ შორის 7 ათასს გადააჭარბა სამხრეთ კორეაში. მაღალია მაჩვენებელი ირანსა და იტალიაში.
ამირან გამყრელიძემ ყურადღება გაამახვილა ევროპის ქვეყნებში შემთხვევების ზრდაზე, კერძოდ გერმანიასა და საფრანგეთზე, სადაც დაინფიცირებულთა რიცხვმა 1000-ს გადააჭარბა, ასევე, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში ეს მაჩვენებელი უკვე 500-ზე მეტია.
მისივე განცხადებით, მზადყოფნის რეჟიმი უნდა გაძლიერდეს ყველა ადგილზე, მათ შორის მაქსიმალურად უნდა შემცირდეს მოქალაქეთა შემოსვლა მაღალდასენიანებული ქვეყნებიდან.
„რადგან ჩვენ, საქართველო ვართ გლობალური სამყაროს ნაწილი, რა თქმა უნდა, პროგნოზს ჯერჯერობით იმისკენ, რომ შევჩერდეთ მხოლოდ 15-ზე, ვერ გავაკეთებთ. შემთხვევათა რაოდენობა ქვეყანაში მოიმატებს. შესაბამისად, მზადყოფნის რეჟიმი უფრო და უფრო უნდა გაძლიერდეს. ყველა ადგილზე მზადყოფნა, მხედველობაში მაქვს საზღვრები, განსაკუთრებით მაღალ დასენიანებული ქვეყნებიდან შემოსულების მაქსიმალურად შემცირება, შემოსულების კარანტინი ან თვითიზოლაცია.
ასევე საჭიროა იმ პირების თვითიზოლაცია ან კარანტინი, რომლებიც არა მაღალ დასენიანებული ქვეყნებიდან შემოდიან, მაგრამ იციან, რომ შეიძლება, ინფიცირებულ ადამიანთან ჰქონდათ კონტაქტი“, – აღნიშნა ამირან გამყრელძემ.