ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სრულად მართვადია, პანიკის საფუძველი არ არის, ასევე ბაზრობებზე მონიტორინგი კიდევ უფრო გამკაცრდება
ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სრულად მართვადია, კონტროლს ემორჩილება და პანიკის არავითარი საფუძველი არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში არის ახალი კორონავირუსის ერთეული შემთხვევები, მაგალითად, დღეს, „კოვიდ-19“-ის რვა ახალი ფაქტი გამოვლინდა და რვავეს ინფიცირების წყარო ცნობილია – ერთი გაჩიანის კლასტერს უკავშირდება, ერთი – ლილოს კლასტერს; ერთი ინფიცირებული სამედიცინო პერსონალია, ხოლო ოთხი შემთხვევა შემოტანილია.
„ასე რომ, ყველა წყაროზე გავდივართ და ვარეგულირებთ ამ საკითხს. ამიტომ ხაზს ვუსვამ, პანიკის არავითარი საფუძველი არ არის. შემთხვევების გარკვეული მატება პროგნოზირებადი იყო. ასე იყო ყველა ქვეყანაში, სადაც კი შემსუბუქების პოლიტიკა მიმდინარეობს. ამის გარეშე არ შეიძლება, ეკონომიკა უნდა გაიხსნას, სწორი და კარგი ბალანსი უნდა გვქონდეს, ერთი მხრივ, შემსუბუქების პოლიტიკასა და, მეორე მხრივ, სწრაფ პასუხს შორის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამასთან, როგორც მან განმარტა, საქართველოში ინფექციის გავრცელების მხრივ ახლა ორი ე.წ. ცხელი წერტილი არსებობს, სადაც ინტენსიური კვლევები მიმდინარეობს.
„ახლა ორი ცხელი წერტილი გვაქვს, რომლებსაც ვუვლით და ვაკონტროლებთ: ერთი – გაჩიანის დასახლება, განსაკუთრებით სოფელი ყარაჯალარი და იქ მიმდინარეობს ინტენსიური კვლევები, მეორე – ლილოს ბაზრობასთან დაკავშირებული პრობლემები, სადაც გარდაბნის მუნიციპალიტეტის მოსახლეობიდან რამდენიმე იყო და არის დასაქმებული. ამავე დროს, გვქონდა კიდევ ოჯახური შემთხვევები, რომლებიც ასევე დაკავშირებული იყო ლილოს ბაზრობასთან. ამიტომ ლილოს ბაზრობაზე მიდის ინტენსიური კვლევები. გუშინ 715 ნიმუში იქნა აღებული. ბოლო სამ დღეში მთლიანობაში 2500 ნიმუშია აღებული, გრძელდება კვლევა. იმედი მაქვს, ლილოს ბაზრობას სრულად გამოვიკვლევთ. კარგია, დღეს დილას ლილოს ბაზრობიდან მხოლოდ ერთი შემთხვევა გვაქვს. ხდება მისი იზოლირება და ინფიცირებულის ირგვლივ მყოფთა კარანტინში მოთავსება“, – აცხადებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი.
ამასთან, ამირან გამყრელიძე კვლევების პროცესში მოსახლეობის ე.წ. დამყოლობის მნიშვნელობას, ასევე რეგულაციების დაცვის აუცილებლობას უსვამს ხაზს.
„ხაზს ვუსვამ, ქვეყანაში სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება, მაგრამ, მეორე მხრივ, აუცილებელია, იყოს მეტი დამყოლობა მოსახლეობის მხრიდან. იგრძნობა მოშვება, იგრძნობა ილუზია, რომ დავამარცხეთ „კოვიდი“. არ დაგვიმარცხებია, „კოვიდი“ ჩვენთან ერთად არის და თანაარსებობს. უნდა დავიცვათ წესები – ნიღბის გამოყენება დახურულ შენობებში, დისტანცირება, ხელების ხშირი დამუშავება, არა დიდი თავყრილობები, არა დიდი ქორწილები, არა დიდი ქეიფები და ჩვენ დავძლევთ „კოვიდის“ გამოწვევას, დაახლოებით ამ ეპიდვითარებით, ამ ეპიდსიტუაციით შევალთ შემოდგომისკენ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, ბაზრობებზე მონიტორინგი გამკაცრებულია და კიდევ უფრო გამკაცრდება.
„6 ათასიდან 8 ათას ადამიანამდე არის დასაქმებული ლილოს ბაზრობაზე. ჯერჯერობით მიმდინარეობს კვლევა და ბაზრობებზე გამკაცრებულია ღონისძიებები. მხედველობაში მაქვს თერმოსკრინინგი, მიმდინარეობს მონიტორინგი, როგორ არის დაცული რეგულაციები – ნიღბის ტარება, დისტანცია, როგორ იცვლება სანიტაიზერები, როგორ არის მოწყობილი დეზობარიერები და ა.შ. გამკაცრებულია ბაზრობებზე მონიტორინგი და ეს კიდევ და კიდევ გამკაცრდება, მათ შორის, სადაც დარღვევები იქნება, შესაბამისი უწყებები აჯარიმებენ კიდეც“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.