ქვეყანაში ეპიდემიური სიტუაცია სრულად მართვადია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ზაფხულის პერიოდში საქართველოშიც მსუბუქი და საშუალო სიმძიმის შემთხვევები გაცილებით მეტია, ვიდრე აპრილ-მარტში იყო.
„იქნება ხუთი, ათი, თუ 12 შემთხვევა, მთავარია, რომ მდგომარეობა მართვას ექვემდებარება. რაც შეეხება პაციენტების მდგომარეობას, ზოგადად, გლობალურად არამარტო საქართველოში, კოვიდის სიმძიმე უფრო მცირდება. სიკვდილიანობის პროცენტი შვიდიდან 4.1 პროცენტზე ჩამოვიდა. ამ ზაფხულის პერიოდში შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ჩვენთანაც მსუბუქი და საშუალო სიმძიმის შემთხვევები გაცილებით მეტი გვაქვს, ვიდრე ეს იყო აპრილ-მარტში, ანუ დინამიკა არის შემსუბუქებული და მძიმე ავადმყოფები თითქმის არ იყვნენ. გვყავდა ერთი კრიტიკული პაციენტი, რომელიც, სამწუხაროდ, დღეს გარდაიცვალა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.