ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში ბევრ ქორწილს რა ჯობია, მაგრამ პანდემიის პერიოდში დიდი თავყრილობისგან თავი შევიკავოთ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, პანდემიის პერიოდში, დიდი თავყრილობებისგან თავი შეიკავონ.
როგორც გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, გურიაში სწორდე ქორწილის აღნიშვნას უკავშირდება კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები.
„დღეს დაფიქსირებული 34 შემთხვევიდან, 20 უკავშირდება აჭარას. ზოგადად, აჭარაში, აგვისტო-სექტემბერში დაფიქსირებული გვაქვს 156 დადებითი შემთხვევა, აქედან 40 უკავშირდება ამ ცნობილი საკონდიტრო მაღაზიის, „დონას“ კლასტერს, 30 გვაქვს ქობულეთში და ერთი გვაქვს ჩაქვის ოაზისის სასტუმროში. აქედან გამომდინარე, დღევანდელი დღით, ყველაზე დაძაბულ და ცხელ წერტილად გვაქვს ქვეყანაში აჭარის რეგიონი და ამიტომ გვაქვს ის გარკვეული ღონისძიებები, რომელიც ბატონმა პრემიერმა მოგახსენათ. კერძოდ, სწავლასთან დაკავშირებული. ასევე მოგახსენეთ, რომ ე.წ დიდი შეკრებების შესახებ. სწორედ გურიაში გვაქვს ექვსი შემთხვევა ამ სამი დღის განმავლობაში და ექვსივე შემთხვევა დაკავშირებულია ბათუმში დიდი ქორწილთან. ბევრი ქორწილი იყოს ქვეყანაში, რა ჯობია ამას და ბევრი ბავშვი დაიბადოს, მაგრამ ამ პანდემიის პერიოდში შევიკავოთ თავი დიდი თავყრილობისგან. რა თქმა უნდა, უნდა იყოს შესაბამისი აღნიშვნა ქორწილის, მაგრამ არ შეიძლება 300 და 400 კაციანი, რომელიც ძალიან მომატებული რისკია, ამის კარგი მაგალითი გვაქვს გურიაში“, – განაცხადა გამყრელიძემ.