ამირან გამყრელიძე - ქართველები შეხვედრისას ერთმანეთს ვკოცნით, გთხოვთ, თავი შევიკავოთ, ვირუსის გავრცელებისას არ არის რეკომენდებული ხელის ჩამორთმევაც
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საზოგადოებას მოუწოდებს, ინფექციების, განსაკუთრებით კი, კორონავირუსის გავრცელების პერიოდში შეხვედრისას ერთმანეთს ხელის აწევით მიესალმონ. ამასთან, მისი თქმით, მსგავ პერიოდში არ არის რეკომენდებული მისალმენისას ერთმანეთის კოცნა.
მისივე თქმით, მარტივი რეკომენდაციები ხშირად კარგ შედეგს იძლევა.
„ჩვენ, ქართველებს გვახასიათებს, როცა ერთმანეთს ვხვდებით, ვკოცნით ერთმანეთს, ძალიან გთხოვთ, თავი შევიკავოთ. ეს მხოლოდ კორონავირუსს არ ეხება. ზოგადად, ჩამოვაყალიბოთ ჩვენში ეს კულტურა, რომ არ არის საჭირო, განსაკუთრებით ამ დროს, როდესაც ბობოქრობს გრიპი და სხვა რესპირაციული ინფექციები, რომლებიც გადადის წვეთოვანი, აირ-წვეთოვანი გზებითა და ახლო კონტაქტით. კორონავირუსის ინფექციის გავრცელების პერიოდში არ არის მაინცდამაინც რეკომენდებული ხელის ჩამორთმევა და უმჯობესია, ერთმანეთს ხელის აწევით მივესალმოთ ხოლმე. ეს მარტივი და მარტივად განსახორციელებელი რეკომენდაცია ხშირად ძალიან კარგ შედეგს იძლევა “, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.