ამირან გამყრელიძე - პროგნოზის მიხედვით, მთელ ევროპაში დაახლოებით აგვისტოს შუა რიცხვებში ინდური შტამი თითქმის სრულად ჩაანაცვლებს ბრიტანულს, ამიტომ  ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ
ამირან გამყრელიძე - პროგნოზის მიხედვით, მთელ ევროპაში დაახლოებით აგვისტოს შუა რიცხვებში ინდური შტამი თითქმის სრულად ჩაანაცვლებს ბრიტანულს, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების რისკები სერიოზულია, ვინაიდან  მთლიანად ევროპაში ინდური შტამის ცირკულაცია თანდათან ანაცვლებს ბრიტანული შტამის ცირკულაციას.

მისივე თქმით, პროგნოზის მიხედვით, აგვისტოს შუა რიცხვებში დელტა ვარიანტი თითქმის სრულად ჩაანაცვლებს ბრიტანულს. სწორედ ამიტომ, გამყრელიძემ მოსახლეობას სიფრთხილის დაცვისა და აუცილებელი რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდა.

მან  განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პირბადის ტარების აუცილებლობასა და დიდი თავშეყრისგან თავის არიდებაზე.

„რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგიური რისკები სერიოზულია. მოგეხსენებათ, კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდა ახალი შტამების ხარჯზეა. გასულ კვირაში დელტა ვარიანტის, ეგრეთ წოდებული ინდური შტამის დამატებით 25 შემთხვევა დადასტურდა. მთლიანად ევროპაში ინდური შტამის ცირკულაცია თანდათან ანაცვლებს ბრიტანული შტამის ცირკულაციას. როგორც არის პროგნოზი, დაახლოებით აგვისტოს შუა რიცხვებში ინდური შტამი თითქმის სრულად ჩაანაცვლებს ბრიტანულს. ამიტომ, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად და ყველგან, დახურულ შენობებში და ღია სივრცეში, სადაც ბევრი ხალხი იკრიბება, ატაროთ პირბადე. ასევე რეკომენდებულია, რომ ძალიან თუ არ შეგაწუხებთ, გარე სივრცეშიც ატაროთ პირბადე. მაგალითად, მე გარეთაც ვატარებ, რადგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაცვის საშუალებაა. ასევე, უარი უნდა ვთქვათ დიდ თავშეყრებზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.