ამირან გამყრელიძე - პროცესი სრულად მართვადია და პანიკის საფუძველი არ არის, მაგრამ მოსახლეობაში მოდუნდა ყურადღება, შეიქმნა ილუზია, რომ კორონავირუსი დავამარცხეთ
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა მდგომარეობა საყურადღებოა.
მისი თქმით, 26 თებერვლის შემდეგ ქვეყანაში „კოვიდ -19“-ის 1073 შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის 24 შემთხვევა დღეს გამოვლინდა.
„დღეს ახალი ინფიცირების 24 შემთხვევაა, მთლიანად კი, 1073 შემთხვევაა ქვეყანაში 26 თებერვლიდან მოყოლებული. ბოლო დღეების განმავლობაში გვქონდა 7-8-10-11 შემთხვევა, დღეს კი, გახლავთ 24. პირდაპირ გეტყვით, რომ პანიკის საფუძველი, რა თქმა უნდა, არ არის, მაგრამ ეს არის ფრიად საყურადღებო“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
როგორც მან აღნიშნა, ეს გარკვეულწილად მოსალოდნელიც იყო, რადგან შეზღუდვების შემსუბუქებას ახლავს ინფიცირების შემთხვევების მატება. თუმცა, გამყრელიძე იმასაც აღნიშნავს, რომ მოსახლეობაში ყურადღება მოდუნდა.
„ეს გარკვეულად პროგნოზირებადი იყო იმ თვალსაზრისით, რომ ნებისმიერი შემსუბუქების პოლიტიკას და ყველა ქვეყანაში ასე იყო, შემსუბუქების პროცესში მოსალოდნელია შემთხვევათა რაოდენობის მატება. მთავარია, მატება იყოს კონტროლირებადი და მართვადი. დღეს ქვეყანაში ეს პროცესი არის სრულად მართვადი, ამიტომ მოსახლეობას არანაირი პანიკის საფუძველი არ აქვს, მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენთან, მოსახლეობაში მოდუნდა ყურადღება, შეიქმნა ილუზია, რომ დავამარცხეთ უკვე კორონავირუსი, არა, ჩვენ არ დაგვიმარცხებია. კორონავირუსული პანდემიის დამარცხება მოხდება მხოლოდ ერთიანად, გლობალურად, ეს ვერ მოხდება ცალ-ცალკე ქვეყნებში. კორონავირუსი არის ჩვენთან ერთად და ჩვენ ვცხოვრობთ მასთან ერთად“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.