ამირან გამყრელიძე - პრევენციულმა ღონისძიებებმა სერიოზული როლი ითამაშა იმაში, რომ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევათა დუნე მატების ტენდენცია ნარჩუნდება
ამირან გამყრელიძე - პრევენციულმა ღონისძიებებმა სერიოზული როლი ითამაშა იმაში, რომ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევათა დუნე მატების ტენდენცია ნარჩუნდება

პრევენციულმა ღონისძიებებმა, რომლებიც გატარდა და ახლაც ტარდება, სერიოზული როლი ითამაშა იმაში, რომ ქვეყანაში დუნე მატების ტენდენცია ნარჩუნდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.

„ხალხს მუდმივად მოვუწოდებდით, რომ მთავარი არის სოციალური დისტანცირება, რაც შეიძლება, ნაკლები შეკრება და ა.შ. თქვენ იცით, რომ ეს ასევე უკავშირდებოდა ქვეყანაში ყველაზე დიდ დღესასწაულებს და მინდა, მოსახლეობას მადლობა გადავუხადო იმის გამო, რომ ძალიან ბევრმა, უმრავლესობამ გაითავისა ეს მოწოდებები. თბილისში ამიტომაც გვქონდა შედარებით სიმშვიდე. ასევე, შემდგომ კვირებში, როდესაც ჩვენს საუკუნოვან ტრადიციაზე დროებით, ამ წელს უარი ვთქვით, ამან სერიოზული როლი ითამაშა იმაში, რომ ქვეყანაში ასე ვთქვათ, დუნე მატების ტენდენცია ნარჩუნდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა არის ის მთავარი ფაქტორი, რამაც ორი კვირის თავზე რეალური არ გახადა ის მძიმე პროგნოზები, რაც მანამდე კეთდებოდა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ დღევანდელი რეალობა იმ ღონისძიებების შედეგია, რაც პირველ რიგში, მთავრობამ დროულად გაატარა იანვრის შუა რიცხვებიდან და მეორე მხრივ, ხალხმა კარგად გააცნობიერა, რომ საქმე სერიოზულ საფრთხესთან გვაქვს.

„გატარდა ძალიან დროული ღონისძიებები. შემზღუდავ ღონისძიებებს, რომლებიც სხვადასხვა ეტაპზე განხორციელდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მეორე მხრივ, კეთდებოდა მოწოდებები იგივე დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან, რომელიც ზოგჯერ რადიკალურიც იყო და მე მადლობა მინდა, გადავუხადო საქართველოს მოსახლეობას, რადგან მოქალაქეები გაგებით მოეკიდნენ ამ მოწოდებებს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ახლა სწორედ მეექვსე კვირაა, საქართველო პიკში შევიდა და შესაბამისად, შესაძლოა, შემთხვევების ზრდა იყოს.

„ჩვენთან შიდა გავრცელება, როცა პირველწყაროზე ვერ გავედით, როგორც მახსოვს, 22 მარტს დაფიქსირდა და შიდა გავრცელებიდან მეექვსე-მეშვიდე-მერვე კვირა ყველაზე საფრთხილო კვირებად ითვლება, როდესაც შეიძლება, ე.წ პიკში შეხვიდე. ახლა სწორედ მეექვსე კვირაა, ჩვენ პიკში შევედით და შესაბამისად, შესაძლოა, შემთხვევების ზრდა იყოს, ან მაქსიმალურად ვეცადოთ, ეს ზრდა იყოს ე.წ პლატოს ფორმის და არ იყოს ციცაბო ფორმის. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.