ამირან გამყრელიძე - პრემიერ-მინისტრმა გასცა შესაბამისი დავალებები, უკვე კეთდება განაცხადი და როდესაც გახდება ხელმისაწვდომი, საქართველოს ექნება ვაქცინა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოს კორონავირუსის ვაქცინის მისაღებად მოლაპარაკებები დაწყებული აქვს.
როგორც ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, როდესაც იქნება დამტკიცებული ვაქცინა, პირველ ეტაპზე, მოსახლეობის 10-დან 20 პროცენტამდე რაოდენობისთვის საჭირო ვაქცინის მიღებაზე კეთდება განაცხადი.
„დაწყებული გვაქვს მოლაპარაკებები და მიმდინარეობს შესაბამისი განაცხადის გაკეთება. არსებობს ასეთი – ვაქცინების გლობალური ალიანსი, რომელთანაც აქტიურად ვთანამშრომლობთ. არის ერთიანი პლატფორმა, რომლითაც ქვეყნებისთვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ვაქცინა, როცა მას ევროპული თუ ამერიკული მარეგულირებელი დაამტკიცებს.
საკოორდინაციო საბჭოს ბოლო სხდომაზე განხილული იყო ეს საკითხი. პრემიერ-მინისტრმა შესაბამისი დავალებები მისცა უწყებებს. უკვე განაცხადი კეთდება საქართველოს მიერ და დიდი იმედი გვაქვს, როდესაც გახდება ხელმისაწვდომი, საქართველოს ექნება ვაქცინა. ლაპარაკია პირველ ეტაპზე მოსახლეობის 10-დან 20 პროცენტის მოცვაზე. ეს არის დაახლოებით 400 000-დან 700 000-მდე ადამიანი. განაცხადი კეთდება დაახლოებით ასეთ მოცულობაზე“, – განუცხადა ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს.